შალვა რამიშვილი - "დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად"

შალვა რამიშვილი - "დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად"

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ორი წლის წინ დაწერილ წერილს აქვეყნებს, რომელსაც მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს უძღვნის.

"პატიოსანთა მაფია" მებრძვის ანუ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები

სულ რაღაცას ვწერ, ვიღებ, გადაცემები მიმყავს... ვმაიმუნობ.

სულ მიხურებენ, თავს მესხმიან, ყველაზე ხშირად მორალს იშველიებენ. ამბობენ, რომ უზნეო მასტი ვარ, ფულის მოყვარული, ნაკლებად მორწმუნე, სიტყვის თავისუფლების გამყიდველი, რომ საშიშია ჩემთან ურთიერთობა.

რომც არაფერი თქვან, ისედაც ვატყობ რომ "დალაგებულ" გარემოში შფოთი შემომაქვს ხოლმე. რაღაცეებს ვლაპარაკობ, ვჟესტიკულირებ, ვატარებ პერფორმენსს სახელწოდებით: "მშვიდ და მდორე გუბურაში, რომლის ზედაპირიზე მოლივლივე ლოტოსებზე წამოსკუპულან ნაირფერი პეპლები, შედგაფუნდა პატარა ბეჰემოტუნა" და ვამჩნევ რომ ეს "პეპლები" შიშით მიყურებენ. ჰგონიათ, რომ ბეჰემოტი გუბურის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. განა, არის რამე გარანტია რომ 1 საათის წინ ამ არსებამ სადმე ტალახში არ იგორავა? ხომ შეიძლება ათასი ბაცილა და ბაქტერია შეიჭრას მათ გუბურაში?!

დიახ, მე არა ვარ ყველაზე პატიოსანი კაცი ამ ქვეყანაში. მეტსაც გეტყვით, მსგავს კონკურსში ალბათ პირველ კასტინგსაც ვერ გავივლიდი. მაგრამ "რაღაა იგი ნათელი, რასაც არ ახლავს ბნელია". ხომ უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც სხვათა "პატიოსნების" საზომი იქნება. გარდა ამისა, თუ ჩემი ნახელავი გევასებათ, მომეცით უფლება ვიყო მორალურად რელატიური. ისე, როგორც ყველა სოფელს სჭირდება თავისი გიჟი - მეც მიყოლიეთ ერთი დევიანტი. პირი, რომელიც ჯანდაბას ... ნებაყოფლობით თანხმდება ამ როლზე. სხვა ვიღაცეებს არ მოეწონებათ ეს როლი. რადგან ისინი ზნეობრივ ადამიანთა მაფიაში არიან გაერთიანებული. ზნეობა მათ თვითრწმენას ჰმატებს. ისინი ხომ არ ჩაიდენენ იმას, რაც მე მომიმოქმედებია (თუმცა აქაც დასაზუსტებელია, თუ რას მედავებიან პატიოსანთა მაფიის წევრები), ისინი ხომ იღწვიან სამშობლოსათვის, დემოკრატიისათვის, იბერიის გაბრწყინებისთვის. მოკლედ, ზოგი რისთვის და ზოგი რისთვის. მეც ვცადე მეძახა ასეთი რაღაცეები, მაგრამ გამიჭირდა.

არ გამომდის ეკლესიაში ლოცვა... არ მელოცვინება, არ შემიძლია ჟურნალისტურ ბალანსზე და ობიექტურობაზე ვიბაზრო - არ მჯერა ამის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვცდუნდები, რომ არ ჩავიდენ უზნეობას. შეძლება ჩავიდინო - გააჩნია ცდუნების ხარისხს.

ძალიან ხშირად, როცა პატიოსანთა მაფია მიტევს, მათ თავდასხმებს ძალზედ ერთფეროვანი, მოსაწყენი იერი აქვს. თუმცა იმასაც ვხდები, რომ პატიოსნებს არ შეუძლიათ სხვაგვარად. ციხეში იყო ასე. ძველ ბიჭს თუ ვინმე ეტყოდა "მართალს მეუბნებიო?" ის ვალდებული იყო დაეძაბა და "შენ რა, ჩემს სიტყვაში ეჭვი გაპარებაო?" - ეკითხა. ასევეა პატიოსნების მაფიის წევრების შემთხვევაშიც. ისინი ვალდებულები არიან დაგმონ უზნეობის გამოვლინება. ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას. დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად, ისე, მოსაწყენი რომ არ იყოს. თუ რამე ფაქტები გინდათ, შემატყობინეთ და მოგწერთ. ამასთან, ბოლოში გამოხატეთ იმედი, რომ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები", - წერს შალვა რამიშვილი.

შეგახსენებთ, კოლეგა გიორგი გაბუნიას შესახებ საკუთარ შოუში უხამსი ხუმრობის გამო შალვა რამიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების, განსაკუთრებით კი მედიის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტად იქცა.

იხილეთ ასევე: "ვადაგასული სირების ჯღანაობა" - ნიკა გვარამიას პასუხი შალვა რამიშვილს გიორგი გაბუნიას დამცირებისთვის

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს