ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განვითარების ბანკის იდეას აკრიტიკებს.
"რა ბანკი მოგვცა მიშამააა!"
ვანოს შოუს ჰიტი გამახსენდა ერთგული მხარდამჭერის შესრულებით: "რა დროშა მოგვცა მიშამა, წითელი გრძელტარიანიიიიიი"! მისი შესრულება შეიძლება ცოტა შეცვლილი ტექსტით: "რა ბანკი მოგვცა მიშამააააა"...
მოკლედ, იბარტყა გილაურის გასახარად შექმნილმა საპარტნიორო ფონდმა და აი, დიდი ურჩხულიც მივიღეთ ე.წ. განვითარების ბანკის სახით, ბიუჯეტის არგასახარად. არა და, ყველაფერი მარტივად დაიწყო, შეუქმნეს კაცს ფონდი ერთგულებისთვის თუ ორგულობის არჩადენისთვის. თვეში 30 ათასი ლარი ხელფასი, პლუს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სამომავლოდ. რა გამოვიდა. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...
და კიდევ რამდენი რამ გრძელდება "წარმატებით"ძველიდან დანატოვარი. კიდევ კარგი, თითოეული ოჯახისათვის ათას- ათასი ლარის დარიგება არ გახსენებიათ (ან ბიუჯეტი ვერ ქაჩავს), თორემ ვიქნებოდით მართლა უკვე კომუნიზმში", - წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, "საქართველოს განვითარების ბანკის" კანონპროექტის გახილვა პარლამენტში უახლოს მომავალში დაიწყება. ბანკი "საპარტნიორო ფონდის" რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება და სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდება. "განვითარების ბანკი" უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს სესხების გაცემა კომერციული ბანკის მეშვეობით, გარანტიების გაცემა, დაზღვევის ოპერაციები, ობლიგაციების გამოშვება და ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. მაგრამ, "განვითარების ბანკს" ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება.
საინტერესოა, რომ გარდა საქართველოს სახელმწიფოსი, "განვითარების ბანკს" შესაძლებელია ჰყავდეს სხვა პირები აქციონერების სახით, რომელთა კუთვნილი აქციების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 49%-ს.
კანონპროექტის თანახმად, "განვითარების ბანკს" აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და უფლებამოსილი იქნება, ჰქონდეს ანგარიშები კომეციულ ბანკსა და სახელმწიფო ხაზინაში.