პარტნიორები:

    რა უფრო მეტია - ქართული სამომხმარებლო კალათა თუ ტყვე გერმანელის ულუფა?

    რა უფრო მეტია - ქართული სამომხმარებლო კალათა თუ ტყვე გერმანელის ულუფა?

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმი დაადგინა -  შრომისუნარიან მამაკაცს სრულფასოვანი კვებისათვის ყოველთვიურად 158,6 ლარი სჭირდება, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისათვის 266 ლარი სრულიად საკმარისია.

    აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი ფასებისა და მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ეს მართლაც ფანტასტიკური ციფრები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტთა ფანტაზიის ნაყოფი კი არ გახლავთ, მათ თავისი "ნატურალიზებული" ჩამონათვალი ახლავს, ანუ, თითოეული თეთრი გაწერილია და შესაბამისი რაოდენობის ფქვილს, ხაჭოს, გოგრას, ნიორსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ღვინოს გულისხმობს.

    საარსებოდ აუცილებელი პროდუქტების საქსტატისეული ჩამონათვალი და დათვლის მეთოდი შეგიძლიათ იხილოთ ფაილში, რომელიც საქსტატის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, ამიტომ მისი განხილვით არ გადაგღლით, არც დღევანდელ ფასებზე გავაგრძელებთ სიტყვას. საარსებო მინიმუმის გარდა რომ ადამიანს შემოსვა, პირადი ჰიგიენის დაცვა და ცივილიზაციის ყველაზე პრიმიტიული საშუალებების მოხმარება სჭირდება, ესეც ცალკე თემაა. ამჯერად, ამ "ფუფუნებას" თავი დავანებოთ და მარტივი შედარების გზით ვნახოთ, რამდენად განსხვავდება თანამედროვე "ქართველი შრომისუნარიანი მამაკაცის" რაციონი, გერმანელი ტყვეებისთვის 1941 წელს დადგენილი რაციონისგან.

    მართალია, როდესაც წარმოდგენილ ცხრილს თვალს გადაავლებთ, ქართული ნაწილის უპირატესობაში დარწმუნდებით, მაგრამ იმის გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ, რომ მეორე ნაწილი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პირსისხლიანმა რეჟიმმა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მტრებისთვის გაიმეტა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ ცხრილში მოყვანილი ზოგიერთი სიცოცხლისათვის აუცილებელი პროდუქტის რაოდენობა აჭარბებს საქსტატისეულ ჩამონათვალს. პურ-ბურღულეული და თევზი გერმანელ ტყვეს მეტი ეკუთვნოდა, ვიდრე შრომისუნარიან ქართველს. საქონლის ხორცი თანაბრადაა ”განაწილებული”, თუმცა, საქსტატმა "ენკავედესგან" განსხვავებით, თანამემამულეთათვის ქათმისა და ღორის ხორცის გარდა, ნახევარი კვერცხიც გაიმეტა.

    ქართულ მხარეს მეტია ცხიმები (9 გრამით), ტკბილეული (40 გრამით), მაგრამ ნაკლებია ბოსტნეულისა (288 გრამით) და თევზეულის (80 გრამით) მოცულობა.

    ჩეკისტებს საერთოდ არ მოსვლიათ თავში ტყვეების რძის პროდუქტებით და ხილით მომარაგება, ქართველმა ჩინოვნიკებმა კი შესაბამისად - 215-215 გრამი გამოგვიყვეს.

    ძალიან საინტერესოა გერმანელების მიერ საბჭოთა ტყვეების გამოსაკვებად დადგენილი ულუფების ოდენობა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ფაშისტები საბჭოელებს ბევრად უფრო ცუდად ექცეოდნენ, ვიდრე სხვა ტყვეებს. მაგალითისთვის, თუ საბჭოთა ტყვე ბანაკში 28 დღეში 800 გრ. (დღეში - 28,5 გრ) ხორცით კმაყოფილდებოდა, მისი ბრიტანელი, ფრანგი ან ამერიკელი "კოლეგა" ორჯერ მეტს, ანუ 1600 გრამს მოიხმარდა.

    საბჭოელს დღეში 320 გრ. პური; 9 გრ ცხიმი და 32 გრ შაქარი ეკუთვნოდა.

    საბჭოურ და გერმანულ დოკუმენტებში, სადაც ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოვიკითხეთ, არც ბანაკების განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებაა მითითებული და არც ნაგვის გატანის ხარჯი.

    ანალოგიურად არის უგულვებელყოფილი გაზის, წყლის, დენისა და ნაგვის გადასახადი საქსტატის დოკუმენტშიც, ანუ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზემოხსენებული პროდუქტი აუცილებლად ”უმად” უნდა მივირთვათ...  თუმცა, ერთი შვება მაინც დაგვიტოვეს: ქართველი კაცის რაციონს სამამულო ღვინის ულუფა აგვირგვინებს, რომელიც დღეში 20 გრამით განისაზღვრება.

    წყევლა რა კაცის საქმეა, მაგრამ დალოცვა ხომ შემიძლია? ჰოდა ამ მენიუს შემდგენი მინდა სწორედ იმ 20 გრამით ვადღეგრძელო...

    p.s. ამ პუბლიკაციით სულაც არ გვინდა იმის თქმა, რომ გერმანელი ტყვეები კარგ პირობებში ჰყავდათ საბჭოთა ბანაკებში. მიუხედავად ჩვენზე მოზრდილი რაციონისა, ცნობილი ფაქტია - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტყვედ ჩავარდნილი გერმანელებიდან მხოლოდ 2% დაბრუნდა სამშობლოში. არადა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა შრომისუნარიან მამაკაცებს წარმოადგენდნენ.

    დავით შალიკაშვილი

    დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

    თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

    როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ