აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ახალ სიაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს, აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის ე.წ. ვიცე-კონსული კიმ ჰოუ კჰუც აღმოჩნდა... ახალი სანქციები ამერიკამ სარაკეტო ატომური საფრთხის ფარგლებში აამოქმედა და ის 9 ორგანიზაციას და 16 ადამიანს შეეხო, რომელთაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეასთან გარკვეული სახიფათო კავშირები აქვთ.
აფხაზური მედიის ცნობით, ამერიკის მიერ დაწესებული ახალი სანქციები იმ მაღალჩინოსნებსაც შეეხოთ, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიას წარმოადგენენ და რომლებიც ჩინეთსა და რუსეთში მოქმედებს. ეს შეზღუდვა შეეხოთ იმ რეგიონებსაც, რომელზეც ამ ქვეყნების ეფექტიანი მმართველობა ვრცელდება, აქვე ნახსენებია აფხაზეთის ტერიტორიაც.
ჩრდილოეთ კორეადან საბჭოთა კავშირში შრომითი მიგრაციის ისტორია 1966 წელს, მისი მაშინდელი ლიდერის კიმ ირ სენისა და ლეონიდ ბრეჟნევის საიდუმლო შეხვედრის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება...
აფხაზური მედია წერს, რომ ერთი შეხედვით, ამ ყველაფერს თითქოს აფხაზეთთან კავშირი არ აქვს, თუმცა, როგორც ირკვევა, ჩრდილოეთ კორეადან შრომითი მიგრანტები მინიმალური ანაზღაურებისთვის აფხაზეთშიც კი ჩადიან. კონკრეტულად, სოხუმში, ტურბაზის რაიონში წითელ ხიდთან მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დაახლოებით, 50 ჩრდილო კორეელი მუშაობს. მათ დოკუმენტები "აფხაზური კანონების" შესაბამისად აქვთ გაფორმებული და სამედიცინო ბარათებსაც იღებენ...
ეს ინფორმაცია აფხაზურ სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის საგნად იქცა. აფხაზეთის მოსახლეობის თქმით, მაშინ, როდესაც რეგიონში მასობრივი უმუშევრობაა, რუს და სომეხ ბიზნესმენებს მუშახელი თურმე ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოჰყავთ...
შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის ე.წ. სამინისტროს, შრომისა და დასაქმების სამმართველოს უფროსის, ჯონი აგრბას თქმით, ადგილობრივების უმუშევრობა "ქვეყნის ეკონომიკაზე მწვავედ აისახება", თუმცა, პრობლემა მხოლოდ შრომითი ბაზრის არარსებობა არ არის - საქმე ის არის, რომ აფხაზები ყველანაირ სამუშაოს არ კადრულობენ.
ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა სახის სამსახურის შოვნას ცდილობენ აფხაზები, აგრბა პასუხობს, რომ უმეტესობას მძღოლად ან დაცვის სამსახურში სურს მუშაობა.
აფხაზების თქმით, ყველა ხვდება, რომ მათთვის სიზარმაცე დამღუპველია, თუმცა, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს. "ჩვენთან ყველას კაბინეტში ჯდომა უნდა და ამასობაში, სომხურმა ბიზნესმა მთელი აფხაზეთი შთანთქა... ვინმეს უნახავს აფხაზი მეწაღე, მეეზოვე, ავტოხელოსანი? - არა, ამ პროფესიის ადამიანები, ძირითადად, სომხები არიან, რომელთაც არც ფულის პური უჭირთ... გზებს ჩერქეზები გვიშენებენ და ფულსაც ისინი იღებენ, ჩვენ მხოლოდ ვწუწუნებთ" - წერენ ისინი.
"ქალაქში, განსაკუთრებით, საღამოს საათებში, აფხაზეთისთვის უჩვეულო ადამიანებს ვნახულობთ, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად დადიან. ხაკისფერი ტანსაცმელი აცვიათ და კეპი ახურავთ. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მათ სანაპიროზე შეხვდებით, ოღონდ არ სეირნობენ, ერთ ადგილას სხედან, ისვენებენ... საქმე ის არის, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება," - წერს აფხაზეთში მცხოვრები რამაზ ხლასტი.
ადგილობრივთა თქმით, ჩრდილოეთ კორეელები და ტაჯიკები ქალაქში რამდენიმე წელია გამოჩდნენ და ამას უკვე შეეჩვივნენ. აფხაზების თქმით, მათი "მთის დრომოჭმული ტრადიციები" და ე.წ. აფხაზური სიამაყე არ აძლევთ უფლებას ჩვეულებრივ სამუშაოს დასთანხმდნენ. თუმცა, რუსეთში სამუშაოდ წასულები არავითარ შავ საქმეს არ ერიდებიან...
"მაშინ, როდესაც ჩვენი ხალხი უმუშევრობაზე წუწუნებს, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ქალაქების დასუფთავებაზე მილიონობით რუბლს ხარჯავს, ეს სამსახური მთლიანად ტაჯიკებით არის დაკომპლექტებული. იქ ერთ აფხაზსაც ვერ ნახავთ, ეს ჩვენი ხალხისთვის დამამცირებელია, მაშინ როდესაც ტაჯიკები აქ აღებულ ხელფასებს თავიანთ ოჯახში გზავნიან და ოჯახებს არჩენენ", - წერს ოთარ ბენია.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE