რამდენიმე დღის წინ, დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლებას, აფხაზეთში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აფხაზები სოციალურ ქსელში ამ საკითხზე, ე.წ. პარლამენტის შენობის წინ აქციასაც აანონსებენ...
პოლიტიკური პარტია "აინარის" ლიდერის, თენგიზ ჯოპუას განცხადებით, - გიორგი ლუკავას გათავისუფლება "აფხაზეთის სისხლის სამართლის ნორმების დარღვევაა და საქმის გამოსაძიებლად, პროკურატურას უნდა მივმართოთ. საინტერესოა, რის საფუძველზე შეიწყალეს ლუკავა, რომელიც რამდენიმე ბრალდებით იყო დაკავებული".
დე ფაქტო აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს პრეს-მდივანმა, ელენა ჯოპუამ აღნიშნა, რომ დამნაშავის ქართული მხარისთვის გადაცემას, 26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს პრესკონფერენცია უძღოდა წინ, რომელმაც ამ ფაქტს "კეთილი ნება" უწოდა. თუმცა, მისივე თქმით, ეს საკითხი მათ ქართულ მხარესთან ჟენევის დისკუსიაზე არ განუხილავთ.
ადგილობრივი ჟურნალისტის, იზიდა ჭანიას მიერ კოვეს მისამართით დასმულ კითხვაზე, - "რომელი კეთილი ნების საფუძველზე გადასცეს ლუკავა ქართულ მხარეს" - მან განაცხადა, რომ განმარტება, უახლოეს მომავალში გაკეთდება... თუმცა, ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ე.წ. ხელისუფლება და მისი ლიდერი, რაულ ხაჯიმბა დროის გაყვანას ცდილობს, რათა როგორც ჩვევიათ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ: "ახლა შეეცდებიან, ტერორისტის გათავისუფლების საქმე სხვა რამით გადაფარონ..." - წერენ ჟურნალისტები.
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, აფხაზეთის, ე.წ. უსაფრთხოების სამსახური. მათი ინფორმაციით, - "გიორგი ლუკავა ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში გასაცვლელ პატიმართა სიაში იყო, თუმცა, შემდეგ, გეგმები შეიცვალა. ახლა კი აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა ქართულ მხარესთან პატიმრები გაცვალეს. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სამხრეთ ოსეთის თხოვნა გახდა, რომლის ფარგლებშიც, დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების სანაცვლოდ, ცხინვალმა ქართულ მხარეს გრძელვადიან პატიმრობაში მყოფი პატიმრების გათავისუფლება სთხოვა, - მათ შორის იყო უვადო პატიმარი სამხრეთ ოსეთიდან," - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, ეს შეთანხმება მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს არ დადებულა. "მახსოვს, ჟენევაში ყოფნისას დამიკავშირდნენ და მთხოვეს, - ლუკავას შეწყალების საქმისთვის გადამეხედა. საქმის შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა და მისი შეწყალება შეუძლებელი იყო. რა მოხდა ახლა?"- კითხულობს ჩირიკბა.
იგივე კითხვას ოპოზიციური პარტია "აინარის" ლიდერი, თენგიზ ჯოპუაც სვამს, რომლის შეფასებითაც, მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას რაულ ხაჯიმბას გარეშე ვერ მიიღებდა. ამის გამო აფხაზეთის "ხელმძღვანელობამ" პასუხი მკაცრად უნდა აგოს და ეს მხოლოდ მისი პოზიცია არ არის...
პოლიტიკური პარტია "ამცახარას" წარმომადგენლის, მარინა გუმბას განცხადებით, "აფხაზმა საზოგადოებამ როგორც ხელისუფლება, ასევე გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უნდა აიძულოს, განმარტონ, რატომ მიიღეს ეს გადაწვეტილება და ეს ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს..."
აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს რეგიონის მოსახლეობაც: "ვამბობთ, სახელმწიფოს ვაშენებთო და ადამიანი დრანდის ციხეში სასამართლოს პროცედურების გარეშე 7 წელი იყო. მერე კი, ასევე სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს. პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს პატიმარი, თუმცა, მის ბრძანებასაც სასამართლო ადასტურებს... ძალზე ჩახლართული საქმეა და ყველა ზოგად განცხადებას აკეთებს, რომ მოგვიშორონ. ეს იმიტომ, რომ ხალხის ძალას ვერ გრძნობენ და უნდა ვაგრძნობინოთ!.."
"ჩემი ინფორმაციით, ამის შესახებ, მხარეებს შორის მოლაპარაკება ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. არავინ იცის, რაზე შეთანხმდნენ... ამ ბინძური გარიგების დეტალებში ჩვენ არავინ ჩაგვახედებს, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება, როგორც სურთ, ისე მოიქცნენ... ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული, შელამაზებული ინფორმაციითაც კი გასაგებია, რომ ის ჩვეულებრივი საზღვრის გადაკვეთისა და მსგავსი, შედარებით მსუბუქი დანაშაულის გამო არ დაუკავებიათ და ეს მით უფრო აჩენს კითხვებს... რამდენჯერ უნდა მივხვდეთ, რომ დუმილი კლავს?!.. ჩვენს ზურგს უკან განხორციელებული მაფიოზური გარიგებები არ უნდა შერჩეთ..."
"რა უნდათ, - სოციალური აფეთქება?.. ბევრი მოვითმინეთ და გადავყლაპეთ. რაც მეტს მოვითმენთ, უფრო უარესად მოიქცევიან... ამას ოდესმე უნდა მივხვდეთ და იქნებ ეს "ოდესმე" არის ახლა!" - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში...
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE