7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს. არც მას და არც მის მეუღლეს, ლალი ბასარიას, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ... ქართველი უკანონო პატიმარი, აფხაზებმა 2011 წლის მაისში, გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში მაშინ დააკავეს, როდესაც შვილების საფლავების მოსავლელად იყო წასული. აფხაზურმა მხარემ მას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი ლუკავას ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს არის ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი.
გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია, მეუღლის გასათავისუფლებლად, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარესთან წლების განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა. გიორგი ლუკავა 2011 წლის დაკავებამდე ერთხელ უკვე იყო აფხაზურ ციხეში.
7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ
გარდა აფხაზურ მხარესთან პრობლემებისა, მისი წარსული უდიდესი ტრაგედიებით არის დამძიმებული... გიორგი ლუკავას უკანონო პატიმრობამდე, სამი შვილი გარდაეცვალა, - ორი ახალშობილი გულის მანკით დაიღუპა.
"მესამე ბავშვი, სამი წლისაც არ იყო, როცა სახლში, გიორგის ასაყვანად აფხაზები შემოგვივარდნენ. შესაშინებლად, ერთ-ერთმა ავტომატი მომიქნია, რომლის კონდახიც, აკვანში მწოლიარე ბავშვს თავში მოხვდა და დაიღუპა... სწორედ თავისი შვილების საფლავზე აიყვანეს გიორგი ბოლოს" - იხსენებს მისი მეუღლე.
ოჯახი ომის დროს სოხუმში ცხოვრობდა. 90-იანი წლების აფხაზეთის ომის დროს, გიორგი ლუკავა სოხუმის სამხედრო კომენდატურაში ჩაირიცხა და სოხუმის დაცემამდე, ოჯახთან ერთად იქ იყო... ქალაქის დაცემის შემდეგ, - ცოლ-შვილთან ერთად, ბათუმში წამოვიდა, ფეხში იყო დაჭრილი, თუმცა, მაინც სოხუმში დაბრუნებას აპირებდა...
მას შემდეგ, რაც პროცესები ჩაწყნარდა, ოჯახთან ერთად გალში, ზემო ბარღებში გადავიდა. თუმცა, ვითარება მალე არია და ხელმეორედ იქცნენ დევნილებად... ცხოვრების გაგრძელებამ ზუგდიდში მოუწიათ. ლუკავამ ადგილობრივ სამხედრო პოლიციაში დაიწყო მუშაობა...
"1996 წელს სეპარატისტებმა ჩემი მეუღლე "პარტიზანული მოძრაობის წევრობის" ბრალდებით დააკავეს. 1998 წელს, როცა გალში ვითარება ისევ დაიძაბა, გავრცელდა ინფორმაცია, გიორგი ციხეში მოკლესო. ინფორმაციის დასაზუსტებლად იმ აფხაზებს დავუკავშირდით, რომლებიც ქართულ მხარესთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ. მათ შემომითვალეს - მძიმე მდგომარეობაშია, თუ შეძლებთ, გადმოდით, დაგვხდებით და მასთან შეხვედრაში დაგეხმარებითო...
როგორც აღმოჩნდა, ენგურს აქეთ, ერთი აფხაზური ოჯახი შვილს ეძებდა. მთხოვეს, მასზე თუ რამეს გაარკვევთ, სოხუმში, მეუღლის სანახავად ჩაგიყვანთო... როგორც გავარკვიე, - ის აფხაზი ბიჭი რუსთავის ციხეში იხდიდა სასჯელს... იმ წლებში დევნილთა და განსახლების მინისტრი ნინო თოდუა იყო, მისი სიძე, თემურ შიკირბა, დრანდის ციხის უფროსი ყოფილა. ნინოს შევხვდი და ყველაფერი მოვუყევი, მან წერილი გამატანა შიკირბასთან, დაეხმარეო...
შევხვდი შიკირბას და გულწრფელად ვუამბე ყველაფერი. მასაც შვილი ჰყოლია გარდაცვლილი. ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და მეუღლეს შემახვედრა... მოკლედ, მითხრეს, - მილიონი რუბლის სანაცვლოდ გავათავისუფლებთ გიორგისო... ენგურს აქეთ, დიდი წვალებით მოვაკოწიწე ეს თანხა და დრანდში, შიკირბას მივუტანეთ. 3 დღე ველოდი პასუხს, თუმცა მოულოდნელად უარი გვითხრა, - რა ვქნა, გაეროს დაფიქსირებული ჰყავს და რომ "გაქრეს", მე ჩამაგდებენ ციხეშიო.
შიკირბამ ფული დამიბრუნა... არ ვიცოდი, სად გადავვარდნილიყავი... დრანდის ციხეში გიორგის სანახავად მისული, იქაურმა თანამშრომელმა დამარიგა - რისკია, მაგრამ დასაკარგი უფრო არაფერი გაქვს და პირდაპირ "გენპროკურორს", ანრი ჯერგენიას შეხვდიო. მართლაც, მან მაშინვე გასცა გიორგის გათავისუფლების განკარგულება... თუმცა, დრანდის ციხის უფროსი ძალიან შეშინებული იყო და გამაფრთხილა, - შენს ქმარზე, როგორც მეომარზე, აფხაზები ნადირობენ და ეს ყველაფერი რომ გაიგონ, მომკლავენ. ამიტომ დღეს ღამითვე გააპარეო... ეს იყო 1999 წელი, - გიორგი სასწაულებრივად ვიხსენი ციხიდან, არადა, 12 წელი ჰქონდა მისჯილი. ნაწამები იყო, - სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. ფეხები ამომწვარი ჰქონდა, მაგრამ "დანაშაული" არ უღიარებია..." - იხსენებს ლალი ბასარია. ამის შემდეგ ოჯახი წლების განმავლობაში ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობდა, მაგრამ შვილის ავადმყოფობის შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ.
გიორგი ლუკავა გარკვეული დროის განმავლობაში უმუშევარი იყო და დრო და დრო, სახლში, ზემო ბარღებში გადადიოდა, რათა მიწის ნაკვეთები დაემუშავებინა, თხილი დაერგო... ბოლოს, 2011 წლის 7 მაისს გადავიდა, სახლში, ორი დღის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო... "მაშინ, ქვემო ბარღებში აფხაზ სეპარატისტებს რაულ ამიჩბა მეთაურობდა, ეტყობა, მან მიაწოდა ინფორმაცია გუდაუთის ბატალიონს და გიორგი გაიტაცეს...", - იხსენებს ლალი ბასარია მეუღლის მეორედ დაკავების ამბავს...
თავდაპირველი ინფორმაციით, ლუკავა, გალის ე.წ. მილიციამ სიმთვრალისთვის დააკავა და 7 დღე მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ მისი სახლიდან "ტომარაში ჩადებული ჟანგიანი ავტომატი ამოიღეს" და დაკავებულს "ბრალი" დაუმძიმდა... მეუღლის გათავისუფლების თხოვნით, ლალი ბასარია, აფხაზეთის ე.წ. ექსპრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს 4-ჯერ შეხვდა და ყველა შეხვედრაზე ახსენებდა, - ქართულ მხარეს გადმოსულ აფხაზებს მკურნალობას სრულად უფინანსებდნენ, - თავად მან, აფხაზ ბავშვს სისხლი გადაუსხა და მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდა "რკინის ალიკას" - ექსპერტიზა ობიექტურად ჩატარებულიყო, რათა დადასტურებულიყო, რომ იარაღზე გიორგი ლუკავას თითის ანაბეჭდები არ ყოფილა... ექსპერტიზამ გიორგის ავტომატთან კავშირი გამორიცხა...
ამის შემდეგ, გიორგი მალევე უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ზემო ბარღების გამგებელმა, რაულ ამიჩბამ, მოსამართლეს ლუკავასთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდება მოსთხოვა. არც ამას დასჯერდნენ, - სასამართლოში 14 გუდაუთელი აფხაზი მიიყვანეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაკავებულს, 1994 წელს, გუდაუთაში მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი: "ჯერ ორი კაცის მკვლელობას ედავებოდნენ, შემდეგ, ერთი აფხაზი ჟურნალისტის მკვლელობაც დაუმატეს, რომელსაც თურმე იმიტომ ესროლა, რომ არძინბას მიამსგავსა..." - იგონებს ლალი ბასარია.
გიორგი ლუკავას, თავდაპირველად, 25 წელი მიუსაჯეს, თუმცა, შემდეგ, 20-მდე შეუმცირეს, ოღონდ მკაცრი რეჟიმით... ოჯახი, მის გათავისუფლებას, მიმდინარე წლის, 26 ნოემბერსაც ელოდა, თუმცა, მაშინ ლუკავას გათავისუფლება ვერ მოხერხდა...
P.S. მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, 18-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
2016 წლის მარტშიც, მხარეთა თანამშრომლობის შედეგად, სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი გაათავისუფლეს.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE