...როცა მდიდარი მამაკაცი ხარ და წარმატებული ბიზნესი გაქვს, ფარულ სასიყვარულო კავშირებს უნდა უფრთხოდე. კაცმა ეს არ იცის. ამიტომ ერთ დღეს უახლოესი მეგობრის შვილთან შემთხვევითი შეხვედრისას ზღვარს გადაკვეთს. ამას იქით ვერსად წავა... და უკან მობრუნდებაც შეუძლებელია.
ქალი ტკბება - მშვენიერი სახლით ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ხედით. დილაობით დარბის. სპა-სალონები, მოდური ჟურნალები, მდიდრული ცხოვრების ტიპური სურათი... და დუმილი - ყველა პრობლემის წამალი.
უფრო ეფექტური წამალი კი საძილე აბებია, ანდაც დაქირავებული მკვლელი. უნდა აირჩიო ორიდან ერთი. იფიქრო და გადაწყვიტო სწორედ იმ დროს, როცა შეიტყობ, რომ შენი მეუღლე მემკვიდრეს ელის. მემკვიდრის დედა კი სულ სხვა ქალია...
სუზან ჰარისონს, რომელიც A. S. A. Harrison-ის სახელით წერდა, წიგნმა "მდუმარე ცოლი" არნახული პოპულარობა მოუტანა. კანადელი მწერალი იქამდე დოკუმენტურ პროზაში მუშაობდა. "მდუმარე ცოლი" ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში მისი დებიუტი გახლდათ.
წიგნი 2013 წლის 25 ივნისს კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ერთდროულად გამოიცა. გამოქვეყნებისთანავე მოხვდა "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერებში და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. თარგმნილია 30 ენაზე. გაყიდულია მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
ა.ს.ა. ჰარისონის საერთაშორისო ბესტსელერი ნომინირებული იყო "John Creasey - New Blood"-ის სახელობის პრემიაზე როგორც კრიმინალური თრილერის ჟანში საუკეთესო ნაწარმოები. აღსანიშნავია, რომ "მდუმარე ცოლის" მიხედვით მხატვრულ ფილმს რეჟისორი ედრიენ ლაინი იღებს. მთავარ როლს ფილმში ნიკოლ კიდმანი შეასრულებს. ბესტსელერის მიხედვით გადაღებული მისტიკური თრილერი 2017 წელს გამოვა ეკრანებზე.
ჰარისონი ბესტსელერის გამოსვლიდან მალევე, 65 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
წიგნს კრიტიკოსების შესანიშნავი გამოხმაურებები მოჰყვა. ცნობილი ავტორები და სოლიდური გამოცემები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ ჰარისონის დებიუტის აღსაწერად:
"ავტორი შესანიშნავად აღწერს სიტუაციას, თუ რა შეიძლება გააკეთო მაშინ, როდესაც დასაკარგი აღარაფერი გაქვს. ძალიან ჩამთრევი რომანია. ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ" - ელიზაბეტ ჯორჯი, "ნიუ-იორკ თაიმსის" რუბრიკა "ბესტსელერების" ავტორი.
"ნაწარმოების დაწყებისთანავე, ავტორი საზარელი მკვლელობის მოწმეებად გვამზადებს. ამისთვის დრო არის საჭირო. ისეთი მკვლელობა უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი დამნაშავის ვინაობაში. მკვლელი დადებითი პიროვნება გგონიათ, მაგრამ სინამდვილეში, მძიმე ცხოვრების ტვირთს ატარებს და შეტევისთვის ემზადება" - THE NEW YORK TIMES
"წიგნის მთავარი გმირი ჯოდი დაჯილდოებულია ერთადერთი დადებითი თვისებით - მას დუმილი შეუძლია. სწორედ ამიტომ უყვარდა ქმარს. მაგრამ ხშირად სიჩუმე სიკვდილის იარაღია. ქალი, რომელსაც შეპასუხება, უარი, ყვირილი და ჩხუბი არ შეუძლია, შეძლებს კი დანაშაულის ჩადენას? ამ კითხვაზე პასუხი წიგნშია" - VOGUE, "SUMMER’S BEST MYSTERY READS"
ჰარისონის "მდუმარე ცოლი" "პალიტრა ელ"-ის Top თრილერის-ის ფარგლებში გამოიცა. მისი შეძენა ქართველ მკითხველს 6 ივნისიდან შეეძლება. წიგნის ფასი ფასი 11,99 ლარია.