პირველად საქართველოში, წიგნის კითხვის მოყვარულებს წამახალისებელ გათამაშებაში ჩართვის საშუალება ეძლევათ. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა დაიწყო გათამაშება, რომლის აბსოლუტურად ყველა ბილეთი მომგებიანია! გათამაშების პირობების თანახმად, 31 მარტიდან 2 თვის განმავლობაში წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე, ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ადგილზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, შესაბამისი ველის გადაფხეკის შემდეგ კი, ყველა შემთხვევაში გარანტირებულ პრიზს, წიგნს მოიგებს.
გათამაშებაშია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის 400 დასახელების 200 000 წიგნი, თუმცა, გარდა გარანტირებული პრიზისა, მომხმარებლები 29 მაისს მთავარ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გრანდიოზული პრიზები თამაშდება - ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და iPhone 6S.
"პალიტრა L"-ის ამ წამოწყებას დადებითად აფასებენ მწერლები, პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ წამოწყება, რომელიც მკითხველის დაინტერესებას გაზრდის, მისასალმებელია:
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: "ყველა იმ წამოწყებას, რომელიც დააახლოებს წიგნთან თანამედროვე ადამიანს, ჩვენს საზოგადოებას, ნებისმიერ ადამიანს, მივესალმები. ეს არის ძალიან კარგი. მით უმეტეს, თუკი ამ გზით ხდება იმ ადამიანების დაინტერესება, ვისაც ასე თუ ისე ჯერ არ დაუწყია ამ ჯადოსნურ სამყაროსთან ურთიერთობა. იგივე ახალგაზრდების, სტუდენტების, უბრალოდ იმ ადამინების, ვისაც დრო არ აქვს საკითხავად. ეს თითქოს ერთგვარი აზარტიც არის, შეიძლება ითქვას, ეს არის ლიტერატურული ან წიგნიერი თამაში, რომელიც ძალიან საინტერესო ფორმაა და ყველა შემთხვევაში ძალიან კარგია. როცა ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი, ამას რა სჯობს. ამიტომ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და საინტერესო წამოწყებაა"
გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივები. ეს წამახალისებელი იქნება მკითხველებისთვის, რომლებიც, როგორც გამოდის, ერთი წიგნის ფასად მეორეს იღებენ საჩუქრად. ამას გარდა, კარგი იქნება იმისთვის, რომ ამ საკითხზე ყურადღება მასობრივი გახდება, მეორე მხრივ, კარგია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობა ძირითადად სწორედ ამგვარ გამოწვევებშია ჩართული, იქნება ეს გათამაშება თუ რაიმე მსგავსი და ამ გათამაშების წყალობით, ის ნელ-ნელა, ირიბი გზით მაინც მივა წიგნამდე"
დათო ტურაშვილი, მწერალი: "პროექტის დეტალები არ ვიცი, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივისა და წამოწყების მომხრე ვარ, რომელიც მკითხველისა და წიგნის მყიდველის რაოდენობას გაზრდის ჩვენს ქვეყანაში"
ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი: "ყველა ასეთი ტიპის ინიციატივა, რომელიც იწვევს წიგნებისადმი უფრო გაზრდილ ინტერესს, არის მოსაწონი და მისაღები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ სასარგებლო სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ კომერციულადაც შეიძლება აღმოჩნდეს მომგებიანი. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ წახალისება ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, "პალიტრა L"-ის ეს წამოწყება დადებით შედეგებს მოიტანს".
დავით მაღრაძე, პოეტი: "კარგი ინიციატივაა. ზოგადად, კარგი წიგნი ეძახის მკითხველს თავისკენ და არა პირიქით, თუმცა ასეთი გათამაშებები რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და საჭიროა. კარგი იქნება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ."
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE