კომპანია "ფორდმა" პიკაპ F-150 F-150 SVT raptor-ის ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომელსაც SuperCrew ჰქვია. მას ორმაგი კაბინა, აგრეთვე მომავალი სამოდელო წლის საბაზო ავტომობილისთვის გათვალისწინებული ზოგიერთი სიახლეც აქვს.
2011 სამოდელო წლის სიახლეთა ჩამონათვალში Ford F-150 SVT Raptor-ის ყველა მანქანისთვის ძარას ახალი ფერი (ვერცხლისფერი მეტალიკი, შავი დეტალებით), ხელსაწყოთა შეცვლილი პანელი, ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული, 4,2-დუიმიანი ფერადი ეკრანი, უკანა ხედვის კამერა, ასევე ძრავას დისტანციური დაქოქვის სისტემა შედის. გარდა ამისა, მოტორთა გამადან გამორიცხეს 5,4-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი აგრეგატი.
ამჟამად პიკაპი მხოლოდ 411 ცხ. ძალის სიმძლავრის, 6,2-ლიტრიანი "რვიანით" და სიჩქარის გადაცემათა 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფითაა აღჭურვილი. Ford F-150 SVT Raptor-ს 3,6 ტონის გადაზიდვა შეუძლია და 136 ლიტრამდე გაზრდილი საწვავის ავზი აქვს. ორმაგი კაბინის მქონე პიკაპის ვერსია თითქმის ჩვეულებრივი რაპტორის, 30,5 სანტიმეტრით დაგრძელებულ ბაზაზეა აგებული. აგრეთვე მას ელექტრონული მართვის მქონე დიფერენციალი, დაღმართზე დაშვებისას საჭირო დახმარების სისტემა და სპეციალური არასაგზაო რეჟიმი აქვს, რომლის საშუალებითაც სალონში არსებულ ღილაკზე ხელის დაჭერით გადაცემათა კოლოფი ნებისმიერ სიჩქარეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.
აშშ-ში ორმაგი კაბინის მქონე Ford F-150 SVT Raptor-ზე შეკვეთებს უკვე იღებენ, ხოლო დილერთა სალონებში "ცოცხალი" მანქანები მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)