როგორ უმკლავდება სექსუალურ იულიას ოთო ფოლადაშვილი

როგორ უმკლავდება სექსუალურ იულიას ოთო ფოლადაშვილი

"ცეკვავენ ვარსკვლავების" შარშანდელი სეზონი რუსკა მაყაშვილმა და ოთო ფოლადაშვილმა მოიგეს. წელს ოთოს უკრაინელი ლამაზმანი, მამით ქართველი, იულია ქავთარაძე მიუწყვილეს. იულიას უკრაინულ შოუბიზნესში თამამი, გამომწვევი სამოსითა და პიკანტური მუსიკალური კლიპებით იცნობენ. იმის გამო, რომ მომღერალი საქართველოდან 6 წლის ასაკში წავიდა, ქართულის სწავლა ხელახლა უწევს. როგორ ურთიერთობს წყვილი, რა გეგმები აქვს მომღერალს პროექტის დამთავრების შემდეგ და რა შემთხვევაში დარჩება ის საქართველოში, იულია თავად გიამბობთ.

- იულია, შენი ბავშვობიდან მინდა დავიწყოთ, სად გაიცნეს შენმა მშობლებმა ერთმანეთი?

- ჩემი მშობლები კიევში შეხვდნენ ერთმანეთს. დედა უკრაინელი იყო. მამა სწავლობდა იქ, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ცხრამეტი წლისანი. უკრაინაშივე დაოჯახდნენ და ორი წლის თავზე გავჩნდი მე. 6 წლამდე საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ვიზრდებოდი, ზღაპარივით იყო ეს წლები ჩემთვის. დღემდე მაქვს ბავშვობის ნოსტალგია.

- როდის წავიდა მამა თქვენგან?

- როცა 16 წლის ვიყავი. ცხოვრებამ აიძულა, წასულიყო საქართველოში. წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

- როდის ჰკითხე დედას, სად იყო მამა?

- არასდროს მიკითხავს. ვიცოდი, რომ მამა მაინც ჩვენთან იყო და იქნება სულ. დედასგან მამაზე არასდროს მსმენია რაიმე ცუდი. არასდროს უთქვამს, წავიდა, მიგვატოვა, გაქრა და მსგავსი ფრაზები. უბრალოდ, ასე მოხდა, ასე მოიტანა ცხოვრებამ. არასდროს მქონია იმის განცდა, რომ დანგრეული ოჯახის შვილი ვიყავი, ეს დიდწილად ჩემი მშობლების დამსახურებაა.

- გირეკავდათ მამა, გქონდათ ურთიერთობა?

- პირველი სამი წელი რეკავდა, გვკითხულობდა. შემდეგ მამამ ბინა შეიცვალა. ზუსტად იმ პერიოდში ჩვენთანაც სატელეფონო კოდის პირველი ციფრი შეიცვალა და შესაბამისად, კონტაქტი დავკარგეთ. დღეს ამ ყველაფრის გაგება იოლია, არსებობს სოციალური ქსელები და კომუნიკაციაც გაადვილდა. მაშინ რთული იყო ადამიანის პოვნა. 7 წლის განმავლობაში ერთმანეთს ვეღარ ვეკონტაქტებოდით. მამაც გვეძებდა და ჩვენც - უშედეგოდ.

- რთული არ იყო უმამობა?

- უმამოდ არ გავზრდილვარ. ის ყოველთვის იყო ჩემთან, მაშინაც, როცა ფიზიკურად არ იყო. ბავშვობაში ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა ყველაფერზე. არასდროს მიყვიროდნენ, არასდროს მეჩხუბებოდნენ და არასდროს მსჯიდნენ მშობლები. თუ რამე ისე არ იყო, მამა ყოველთვის მიხსნიდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ისეთ თემებზეც კი მელაპარაკებოდა, რაც მაშინ ჩემთვის ჯერ ადრე იყო. ცხოვრებაზე მელაპარაკებოდა. როცა რამე არ მესმოდა, მეუბნებოდა, არა უშავს, გაიზრდები და გაიგებო. ერთ ფრაზას მიმეორებდა გამუდმებით, - ყველაფერი შენით გააკეთეო.

- როდის გაიგე, რომ მამას ცხოვრებაში სხვა ქალი, მეორე ოჯახი გაჩნდა?

- დედა მიყვებოდა, რომ მე მყავდა ნახევარძმა მამის მხრიდან. ამის გამო არანაირი პროტესტი არ გამჩენია. პირიქით, მიხაროდა, რომ ჩემი უმცროსი ძმა სადღაც საქართველოში ცხოვრობდა.

- ახლა შენი ძმა რამდენი წლის არის?

- 20-ის. ძალიან მინდოდა მისი პოვნა. როგორც აღმოჩნდა, მასაც დედამისი ჩემ შესახებ უამბობდა და ისიც მეძებდა. ელოდებოდა, როდის გახდებოდა ზრდასრული, რომ ჩამოსულიყო უკრაინაში და ვეპოვე. სწორედ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სოციალური ქსელი "ოდნოკლასნიკი" . ამ საიტის დახმარებით ვიპოვე ჩემი ძმა, ბონდო. ჩავწერე გვარი ქავთარაძე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ინტერნეტში ამდენი ქავთარაძე ვნახე. კიევში ერთი ვიყავი ამ გვარის (იცინის). კარგად მახსოვს ის ღამე, ვიჯექი და ვეძებდი, ვათვალიერებდი ყველა მათგანს. მეთორმეტე გვერდზე აღმოვაჩინე. მისი ფოტო რომ დავინახე, რაღაცნაირი წინათგრძნობა მქონდა, რომ ეს ის იყო. ძალიან ჰგავს მამას. დედას დავუძახე, მგონი, ვიპოვე-მეთქი. ერთად დავათვალიერეთ. რომ დავრწმუნდით, ის იყო, წერილი მივწერე, რომ მე მისი და ვარ, უკრაინაში ვცხოვრობ და მინდა მისი გაცნობა. პასუხი მალე მივიღე. მწერდა, რომ იცოდა ჩემ შესახებ, რომ დედამისი უყვებოდა და ძალიან უნდოდა ჩემი გაცნობა. იმ პერიოდში ვმუშაობდი ჯგუფში "ნიკიტა" . ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, გასტროლები, რეპეტიციები. საბედნიეროდ, დაემთხვა ზაფხული, ორკვირიანი შვებულება და გამოვფრინდი ბათუმში. აეროპორტში დამხვდა ყველა: მამა, ბიძა, დეიდა, ბონდო დედასთან, ქეთისთან ერთად. ეს ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში.

- დედაც შენთან ერთად ჩამოფრინდა?

- დედა მეორე ჩამოსვლაზე გამომყვა. პირველად მარტო ჩამოვფრინდი. მამა ისეთი ბედნიერი იყო, რომ იტირა. პირველად ვნახე მაშინ მამაჩემი ამ მდგომარეობაში. ეს სიხარულის ცრემლები იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება