იულია ქავთარაძე - ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” ფსონს გამარჯვებაზე ვაკეთებ”

იულია ქავთარაძე - ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” ფსონს გამარჯვებაზე ვაკეთებ”

ქართული წარმომავლობის უკრაინელი ვარსკვლავი, იულია ქავთარაძე შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობის მისაღებად აქტიურად ემზადება. ის ამჟამად ბათუმში შვილთან ერთად ისვენებს და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია. "ამბები.გე" იულიას ბათუმში დაუკავშირდა.

- იულია, ცნობილი გახდა, რომ თქვენ უნდა იცეკვოთ პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები". ვისგან მიიღეთ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- დამიკავშირდა შოუს პროდუსერი ნოე სულაბერიძე, რომელმაც შემომთავაზა, მონაწილეობა მიმეღო ამ შოუში. ისე, მანამდე გაგებული მქონდა ამ პროექტის შესახებ და სიმართლე გითხრათ, როდესაც უკრაინაშიც იყო ეს შოუ, მინდოდა მასში მონაწილეობა, მაგრამ იმ დროს ამის საშუალება არ მქონდა, რადგანაც უკრაინული პოპულარული ჯგუფის ("ნიკიტა") წევრი ვიყავი და დაძაბული გრაფიკი მქონდა. მუდმივად გასტროლებზე მიწევდა ყოფნა. საერთოდ, ცეკვა ძალიან მიყვარს.

- პროფესიონალურად ცეკვავთ?

- წლების განმავლობაში მხატვრული ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. ბავშვობაშიც ვცეკვავდი. ამიტომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხელმძღვანელობისგან სიამოვნებით მივიღე წინადადება. საინტერესოა, ამ ყველაფერში ჩართვა და ამასთან, ვიცი, რომ მასზე მუშაობისას დიდ სიამოვნებას მივიღებ. თან, ხანგრძლივი დროით მომიწევს საქართველოში ყოფნა, რაც წინასწარ დიდ სტიმულს მაძლევს.

- სხვათა შორის, ამ პროექტის ქორეოგრაფები უკრაინელები არიან. დიმა დიკუსარი და ალიონა შოპტენკო აქ ქართველ ვარსკვლავებთან ბევრს მუშაობენ, კონკურსანტებს ცეკვებს უდგამენ. ცოტა ხნის წინ ისინი საქართველოში დაქორწინდნენ კიდეც...

- კი, ვიცი ამის შესახებ...

- ალბათ, იმის შესახებაც ხართ ინფორმირებული, რომ ეს პროექტი საოცარ შრომას მოითხოვს. მზად ხართ ამისთვის?

- ასეთ გრაფიკთან შეგუება ძნელი და მძიმეა, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს არ გამიჭირდება, მაგრამ ამაშიც არის თავისებური ხიბლი.

- ფსონს გამარჯვებაზე აკეთებთ?

- მე სპორტსმენი ვარ და ფსონს ყოველთვის გამარჯვებაზე ვაკეთებ!

- თუ იცით, ვინ იქნება თქვენი პარტნიორი?

- ჯერ არ ვიცი, ეს გარკვეულიც არ არის, მაგრამ ორივე სეზონის შოუები ნანახი მაქვს და ვიცი, მასში როგორი მაგარი მოცეკავავე ბიჭები მონაწილეობენ, პროფესიონალები არიან. ბევრი მომეწონა, ხოლო კონკრეტულად რომელი, ამას გვარებით ვერ გეტყვით, რადგანაც იმდენი "შვილი" და "ძე" ურევია მათ გვარებში, რომ ყველა ვერ დავიმახსოვრე.

- რას პირდებით ქართველ მაყურებელს?

- მიყვარს ლამაზი, მხიარული, ფერადი შოუ. ამიტომ ორივე ხელით თანახმა ვარ და მზად ვარ, ასეთი სანახაობების მოწყობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ვეცდები, შესაძლებლობის მაქსიმუმი გავიღო, რომ პროექტი საინტერესო სასიამოვნო სანახავი იყოს.

- ქართულ ფილმში - "რა მოხდა კიევში", რომლის პრემიერა ცოტა ხნის წინ შედგა, როგორ მოხვდით? იქ თქვენ ფემინისტი ქალის როლი ითამაშეთ.

- ერთხელ ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი. ავიღე ყურმილი და ხუმრობით ვუპასუხე: "წინანდალი გისმენთ!" ყურმილში სიცილი გაისმა, კარგი, გვარიანი ქართული ხარხარი. მოკლედ, ჩემი ხუმრობა მაინცდამაინც ამ ზარს დაემთხვა, თითქოს ვიცოდი, რომ ქართველები მირეკავდნენ. მათ ქართულ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს და მაშინვე მითხრეს, - ძალაუფლების მოყვარული ქალის როლი გექნებათო. რატომაც არა-მეთქი, - დავთანხმდი, ანუ ასეთი ქალის ხასიათი უნდა მეჩვენებინა. გადაღებები კარგად მიდიოდა. მსახიობებით, შემოქმედებითი ჯგუფით კმაყოფილი ვარ. საოცრად კეთილი, გახსნილი, გულწრფელი ადამიანები იყვნენ, რამაც გამახარა. მოკლედ, ასე გადამიღეს კინოში.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო აქ ხანგრძლივად მოგიწევთ ყოფნა, რადგან შოუ ახალ წლამდე გაგრძელდება...

- კი, ვიცი... ისე, ოცნება კი მქონდა ყოველთვის, ახალ წელს საქართველოში შევხვედროდი.

- მგონი, ახლა გეძლევათ ამის შანსი...

- მართლაც, რაღაც ისე მიდის საქმე, რომ ასე იქნება.

- რომ გაიმარჯვოთ, ამაზე არ ფიქრობთ?

- ამისთვის ყველაფერის გავაკეთებ... უკვე აღარ ვჭამ ხაჭაპურს, მაგრამ ხინკალზე კი მიჭირს უარის თქმა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ხინკალი და ხაჭაპური.

- როგორც ქართული წარმომავლობის ქალბატონი, ამ კერძებს ხომ არ ამზადებთ კიდეც?

- მქონდა ამის მცდელობა, მაგრამ ხინკალი მაინც რთული გასაკეთებელია, ხელი კარგად უნდა გქონდეს გაწაფული. იმდენს ვლაპარაკობთ ახლა ქართულ კერძებზე, რომ ცხელ-ცხელი ხინკალი წარმომიდგა თვალწინ...

- მრავალი წლის წინ საქართველოში ცხოვრობდით, კერძოდ, ბათუმში. მერე ოჯახთან ერთად, კიევში გადახვედით. მაშინ 6 წლის იყავით. როგორ ფიქრობთ, გვარის გარდა, რა დაგრჩათ ქართული?

- გვარი მაქვს ქართული და ხასიათი, - დიახ, ტემპერამენტი, ემოცია - ეს ყველაფერი ჩემში ქართულია.

- როგორც ვიცი, ქართული ენა არ იცით.

- ცოტა-ცოტა (დამტვრეული ქართულით ამბობს) ვიცი...

- არ ცდილობთ, რომ თქვენს მშობლიურ ენას უკეთესად დაეუფლოთ?

- კი, ვცდილობ და შარშან, შემოდგომაზე კიევში ქართული ენის მასწავლებელთან მივედი, არაჩვეულებრივი ქალბატონია და პროგრამას კარგადაც ვითვისებდი. მეცადინეობის პროცესიც მომწონდა, მაგრამ მერე სადღაც მომიწია გამგზავრებემ და მეცადინეობა შევწყვიტე, მაგრამ ამ საქმეს აუცილებლად მივუბრუნდები.

- უკრაინაში პოპულარული მომღერალი გახდით. იყავით ცნობილი ჯგუფის - "ნიკიტას" წევრი და იქაური სექსსიმბოლოც. ადვილია ასეთი იმიჯით ცხოვრება?

- ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა. მე ასეთი იმიჯის შექმნა არც მიფიქრია. უბრალოდ, ასეთი გახლდათ პროდიუსერის მოთხოვნა. თუმცა ამ ყველაფერს არასერიოზულად ვუდგებოდი და ცოტა სასაცილოც კი იყო. სექსსიმბოლოს იმიჯით ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი და ეს სხვა თემაა. ამ ყველაფერს ჩემთვის მხოლოდ უსიამოვნება მოჰქონდა, რადგანაც მუდმივად სცენაზე, ეკრანზე, კლიპში გაშიშვლებას მთხოვდნენ, მაგრამ ბოლომდე არასოდეს გავშიშვლებულვარ. რადგან ქალი, ”ვუალში” უფრო საინტერესოა. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს საქმე, ის ყველაფერი ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ თავიდან არ ვიცოდი, რომ ყველაფერი ბოლოს აქამდე მივიდოდა...

იმ კომპანიაში 12 წლის წინ მივედი და ვერკა სედუჩკასთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ვმუშაობდი. თავიდან ვიოლინოზე ვუკრავი. მერე პროდიუსერმა მთხოვა, მემღერა და მოკლედ, მომიწია სიმღერამ. ხოლო როდესაც უკვე შეიქმნა ჯგუფი "ნიკიტა", ცხადი იყო, რომ მას სექსუალურ-აგრესიული მიმართლება ექნებოდა, მაგრამ არ მოველოდი, თუ ამ დონემდე გახსნილი იქნებოდა ყველაფერი. ამიტომ იყო იქ ჩემი ყოფნა ძნელი და თანდათან რთულდებოდა. იყო გადღება, პოზირება ჟურნალებისთვის, გაშიშვლება, რაც ვიმეორებ, არ მსიამოვნებდა. მესმის, რომ ამით უხერხულ მდგომარეონბაში ვაგდებდი პროდიუსერს, როდესაც რაღაცებზე უარს ვეუბნებოდი. რაღაცებს ყოველთვის ვცვლიდი პროდიუსერის სცენარებში. მიყვარს ეროტიკა, მაგრამ აქ ზღვარი არ უნდა დაირღვეს, ეროტიკა ვულგარულობაში არ უნდა გადაიზარდოს.

- მოკლედ, ბევრ რაღაცას გაიძულებდნენ.

- არა, ძალადობასაც არ ჰქონდა ადგილი, უბრალოდ იყო კონტრაქტი და მის საფუძველზე უარის თქმის უფლება არ მქონდა, მაგრამ სწორედ, ჩემი უარისგან იქმნებოდა პრობლემები. მოგეხსენებათ, პროდიუსერი პროდიუსერია, მას თავისი ხედვა და გათვლები აქვს, რაც არ ემთხვეოდა ჩემს სურვილებს. ამიტომ ის ყველაფერი საკმაოდ რთული იყო. ამიტომაც დავტოვე ჯგუფი და არ ვნანობ. ისე იქ მუშაობით დიდი გამოცდილებაც მივიღე და ბევრი კარგი რამ მახსენდება.

- ახლა რას აპირებთ?

- ახლა, როგორც ჩიტი, ისეთი თავისუფალი ვარ. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე... 12-13 წელი დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა. ამიტომ ახლა თავისუფლებით ვტკბები. გავაკეთებ იმას, რაც მინდა, ამის უფლება შემიძლია, საკუთარ თავს მივცე. ბოლო დროს კინო მიზიდავს, რამდენჯერმე გადამიღეს კიდეც. არ ვწყვეტ რეკლამებში გადაღებას. ფოტოსესიებიც მხიბვლავს და ამ ყველაფრით ვცხოვრობ. ხოლო რაც შეეხება მუსიკას, ჯერ ვერ ვხედავ შესაბამის მუსიკალურ მასალას, რომელიც გულთან ახლოს მოვა.

- იულია, ახლა ბათუმში ხართ. ბათუმი თქვენი ბავშვობის ქალაქია. რას განიცდით ამ ქალაქში, რა ასოციაციებს იწვევს თქვენში?

- ეს მართლაც ჩემი ბავშვობის ქალაქია, რომელთანაც მხოლოდ თბილი, ტკბილი და კეთილი მოგონებები მაკავშირებს.

- განსაკუთრებულად რომელი ადგილი აღგიძრავთ წარსულის მოგონებებს?

- ბულვარი. მახსოვს იქ მშობლებთან ერთად, უმეტესად, მამასთან ხშირად ვსეირნობდით. ვგიჟდები მაგნოლიებზე ისე, რომ კიევში, სადაც ვცხოვრობ, ეზოში მაგნოლიები დავრგე. მაგნოლია ჩემი ბავშვობის ხეა. ასევე მიყვარს ხეხილიდან ლეღვი. ჩვენ აქ კარლ-მარქსის ქუჩაზე ვცხოვრობდით და ეზოში გვედგა ლეღვის ხე. როდესაც დამწიფდებოდა, სახლის სახურავზე ვძვრებოდი, იქიდან ხეზე ავდიოდი, სადაც საათობით ვიჯექი და ლეღვს გემრიელად შევექცეოდი...

საქართველოში ყოფნით არ ვიღლები. ყოველთვის ბედნიერი ვარ. აქ როდესაც ვარ, სულიერად ვისვენებ. ვფიქრობ ადამიანისთვის ყველაზე საყვარელი და თბილი ადგილი ის არის, სადაც გაიზარდა ან სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

- ჭორებზე როგორ რეაგირებთ?

- თავიდან ჭორებზე დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ მძიმედ ვრეაგირებდი, ძალიან განვიცდიდი. მადლობა დედას, ის ყოველთვის მხარში მედგა და მეუბნებოდა, ყურადღება არ მიაქციოო. დროთა განმავლობაში მეც მივხვდი, რომ ყველას ვერ ეყვარები, რაც საწყენი არ არის. ახლა ჭორები საერთოდ აღარ მაწუხებს.

- იულია, უკრაინაში ადვილია ქართული გვარით ცხოვრება?

- მიჭირს ამაზე პასუხი, რადგანაც ამ კუთხით არასოდეს შემქნია პრობლმები. პრობლემები, ალბათ, უფრო მამაკაცებს აქვთ, რადგანაც მინახავს კავკასიური იერის ადამიანების მიმართ გარკვეული კითხვები გაჩენილა, მაგრამ ამ ყველაფრის დარეგულრება შეიძლება. საერთოდ, უკრაინაში ქართველები უყვართ. ისინიც, ქართველებივით სტუმართმოყვარეები არიან.

- რას გვეტყვით საკუთარ ოჯახზე?

- ეს ჩემი პირადი ცხოვრბაა და ამაზე არასდროს ვლაპარაკობ. ჩემთვის და პრესისთვის დახურული თემაა.

- მეუღილს შესახებაც არაფერს მეტყვით.

- არა.

- შვილი, 5 წლის მარგარიტა ახლა თქვენთან ერთად არის ბათუმში?

- რა თქმა უნდა, ახალა ჩემთან არის, ის აქ პირველად არ არის. 3 წლისა ჩამოვიდა საქართველოში. მოსწონს აქაურობა და განსაკუთრებით უყვარს ჩემი ნახევარძმა - ბონდო. ახლა ბონდო თბილისშია და სულ იმას ახსენებს, ბიძია მენეტრებაო. როგორ შეიძლებოდა, ის აქ არ ჩამომეყვანა?

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სკანდალური იულია ქავთარაძე იცეკვებს"

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება