ავტორი:

"არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა" - რატომ არ გადის ბოლო ორი დღე ეთერში "რუსთავი 2"-ის დილის და შუადღის გადაცემები - რას ამბობენ წამყვანები?

"არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა" - რატომ არ გადის ბოლო ორი დღე ეთერში "რუსთავი 2"-ის დილის და შუადღის გადაცემები - რას ამბობენ წამყვანები?

"გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო დაწყებული საპროტესტო ტალღა უკვე მესამე კვირაა გრძელდება. აქციების პარალელურად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ადამიანები, რომლებიც იმ ორგანიზაციებში მუშაობენ, რომლებიც კანონს ღიად თუ ირიბად მხარს უჭერენ, სამსახურებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ.

ამის მაგალითი იყო გუშინ "კავკასიის უნივერსიტეტიდან“ წამოსული ლექტორების გუნდი, ასევე კომპანია "ვისოლის“ მარკეტინგის სამსახური, ტელეკომპანია "იმედის" სახეები, რომლებმაც არხი მიმდინარე მოვლენების ფონზე დატოვეს.

ორი დღეა "რუსთავი 2“-ზე დილის და "შუადღის“ გადაცემები არ გასულა. AMBEBI.GE დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ჟურნალისტების პროტესტს. პირველად დილის გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, ანი გიუნტერს დავუკავშირდით, რომელსაც ჩვენი ზარი გაუკვირდა.

ანი გიუნტერი:

- გუშინ ძმის შვილი შემეძინა, ღამენათევი ვარ. საერთოდ პარასკევობით ვარ ეთერში და ჯერ არ დაგვიგეშავს, არ მივსულვართ სამსახურში. არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა.

თიკა ფაცაცია ერთ-ერთია "რუსთავი 2“-ის სახეებიდან, რომელიც მიმდინარე აქციებიდან ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ერთ-ერთ "სთორიში" მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქართველი გოგონა BBC-ს აქციიდან კომენტარს აძლევს, თიკა კი წერს: "ნათელი გონება და თავისუფალი სული..."

თუმცა რატომ არ იყო ეს დღეები ეთერში, ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

თიკა ფაცაცია:

- დარეკეთ პროდიუსერთან, მე გადაღებაზე გავდივარ და ბოდიში, უნდა დაგემშვიდობოთ.

დილის გადაცემის პროდიუსერმა მარიამ მეჟლუმიანმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ არხიდან არცერთი წამყვანი არ წასულა.

მარიამ მეჟლუმიანი:

- იქიდან გამომდინარე, კურიერის სპეციალური გამოშვება როგორ იქნება, წინასწარ არ ვიცით ხოლმე, გავალთ თუ არა ეთერში.

- ეს არ უკავშირდება პროტესტს? ყველა ჟურნალისტი ადგილზეა?

- ნამდვილად არავინ არ წასულა ჩვენგან, მსგავსი არაფერი მომხდარა.