რუსთაველის გამზირზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს უკრაინის მოქალაქეები გაუმასპინძლდნენ. მათ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან მიიტანეს წვნიანი - უკრაინული ბორშჩი და პური. მათ ამგვარად პროტესტის მონაწილეების მიმართ პატივისცემა და სოლიდარობა გამოხატეს.
როგორც უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, ისინი წარმოადგენენ მოხალისეთა ჯგუფს, სახელწოდებით: Volunteers Tbilisi. რაც შეეხება აქციას, ამ ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე სტუდენტები იმყოფებიან. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას დღეს ეტაპობრივად შეუერთდნენ. ისინი სკანდირებენ “არა რუსულ კანონს” და აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს უკან სწევს.
ავტორი: სალომე კვარაცხელია