ავტორი:

"მე არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია" - კახა კალაძე კახა ალადაშვილის განცხადებას პასუხობს

"მე არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია" - კახა კალაძე კახა ალადაშვილის განცხადებას პასუხობს

"მე არ ვიცი, სად თამაშობდა (კახა ალადაშვილი). რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა", - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელ კახა ალადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას რცხვენია, რომ 10 წელი კალაძესთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა.

  • როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა და ძალადობა. მერის თქმით, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და ამგვარი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

"ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამომავალი ვარსკვლავია და ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები... ე.ი. როგორი მიდგომა აქვთ, თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას, ხარ ქვეყნის მოღალატე, ხარ მტერი. უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე, ამ სიბინძურეზე, რაც ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა "ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა და კახა კალაძეს "არარაობა და უსუსური კაცი“ უწოდა. "მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალები და ბავშვები უმოწყალოდ სცემეო?"

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!“-დაწერა კახა ალადაშვილმა.