ერთიანობა მრავალფეროვნებაშია - საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია - საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება, ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. ეს იქნება დღე, როდესაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირი - საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად შეიკრიბება და საკუთარი თვალით შეძლებს რეალურად ნახოს, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს.

შეხვედრის ადგილი კვლავაც უცვლელია – თბილისი, „ექსპო ჯორჯია“, სადაც სტუმრებს წელსაც ექნებათ საშუალება, ევროპის ქვეყნებში ვირტუალურად იმოგზაურონ და უკეთ გაიგონ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ათწლეულებია ახორციელებს.

ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში შაბათს, 11 მაისს გაიმართება. ამ დღეს, „ექსპო ჯორჯიას“ ხუთ პავილიონსა და ეზოში, ექვსი განსხვავებული სივრცე მოეწყობა. აქ მოსული ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის მქონე ადამიანი აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესოს და აღმოაჩენს რაღაც ახალს ევროკავშირის შესახებ.

რაც შეეხება ღონისძიების დეტალებს – აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე „ევროპის გუნდის“ პავილიონი იქნება, სადაც მე-4 და მე-5 პავილიონებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლები მოსულ სტუმრებს საკუთარი ქვეყნების კულტურასა და ისტორიას გააცნობენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად საგანმანათლებლო აქტივობებს წარადგენენ, კულტურულ წარმოდგენებსა და შემეცნებით საუბრებს მოაწყობენ.

წელსაც მასშტაბური იქნება მე-11 პავილიონი – ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ საქმიანობაზე მოუთხრობენ. ვიზიტორებს აქ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტენდი დახვდებათ, უამრავი საინტერესო აქტივობითა თუ ინფორმაციით. პროექტების წარმომადგენლებისგან შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მიღება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, გარემოსდაცვა, კულტურა, ახალგაზრდები, ციფრული ტრანსფორმაცია, დემოკრატია და სხვა.

ეზოს სივრცეს კვლავაც აგრომარკეტი „უნიკალური ქართული გემო“ დაიკავებს – აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფერმერების მიერ წარმოებული კერძებისა და პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა იქნება შესაძლებელი. მეორე მხრივ კი, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ნახონ, როგორ ავითარებენ წარმოებას ფერმერები საქართველოში და რა წვლილი მიუძღვის ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას.

ევროპის დღე არც მცირეწლოვან სტუმრებს დატოვებს იმედგაცრუებულს – გარდა არაერთი საინტერესო აქტივობისა, აქ თოჯინების წარმოდგენაც დახვდებათ, სახელწოდებით „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“. სპეციალურად გაშლილ კარავში გამართული სპექტაკლი გულგრილს არც უფროსი ასაკის მაყურებელს დატოვებს.

წლევანდელ ღონისძიებას თან ახლავს სიახლეებიც – წელს პირველად, მე-3 პავილიონს ის მეწარმეები დაიკავებენ, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს, საკუთარი ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს ან უკვე არსებული გააფართოვეს და ახლა ეკონომიკურ გაძლიერებაში სხვებსაც ეხმარებიან. ამ სივრცეში სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა იქნება შესაძლებელი.

გამორჩეული იქნება მე-6 პავილიონიც, სადაც სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ევროკავშირის ღირებულებების, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივების შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად პანელის სტილის საუბრები გაიმართება, რომლის წამყვანი და მოდერატორი დავით გორგილაძე იქნება. საუბრების მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო ღრმად გააზრებას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში საზოგადოების ჩართულობას.

R