რუსეთში, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში აფრიკელი სტუდენტი ტიონგე ზიბა ცეკვის გამო გაასამართლეს. ქალს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მარადიულ ცეცხლთან ტვერკი იცეკვა.
"ტვერკი" ცეკვის ნაირსახეობაა, რომელიც კოტ დ'ივუარის ველური ჯუნგლებიდან მოდის და თანამედროვე პოპ/რეპ და ზოგადად, მეინსტრიმ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. "ტვერკი" ძალიან პოპულარულია ფერადკანიანი მომღერლების კლიპებში. ცეკვის მოძრაობებში აქტიურად გამოიყენება თეძოები და დუნდულები. როგორც წესი, ის ითვლება სექსუალურ ცეკვად.
ზიბამ დანაშაული არ აღიარა, მაგრამ ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო. გოგონას ასევე აეკრძალა ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობა.
რუსული მედიის ცნობით, სტუდენტი რუსეთში ზამბიიდან ჩავიდა სასწავლებლად. გოგონას თქმით, არ იცოდა მარადიული ცეცხლისა და სამხედრო დიდების სიმბოლოების შესახებ. არც უფიქრია, რომ ცეკვის გამო შეიძლება ვინმეს შეურაცხყოფილად ეგრძნო თავი.
ვიდეო, რომელიც ზიბამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ეწერა: "მიცვალებულებისთვის უკანალს ვათამაშებ. დარწმუნებული ვარ, მათ დღეს კარგად სძინავთ".