ავტორი:

აშშ-მა ისრაელს ბომბების მიწოდება შეუჩერა, პარალელურად კი ისრაელში აცხადებენ, რომ რაფადან 20-მდე რაკეტა ისროლეს - როგორია ვითარება ისრაელში

აშშ-მა ისრაელს ბომბების მიწოდება შეუჩერა, პარალელურად კი ისრაელში აცხადებენ, რომ რაფადან 20-მდე რაკეტა ისროლეს - როგორია ვითარება ისრაელში

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა და ეს გადაწყვეტილება ქალაქ რაფაჰში ისრაელის შეჭრის გეგმასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მიიღო, - ამის შესახებ ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-სა და ორ სხვა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.

  • "დავიწყეთ ისრაელში კონკრეტული იარაღის შეთავაზებული გადაცემის გულდასმით განხილვა, რომელიც შეიძლება რაფაჰში გამოეყენებინათ. ამ განხილვის შედეგად, შევაჩერეთ იარაღის ერთი პარტია გასულ კვირას. ის შედგება 2 000 ფუნტიანი 1 800 ბომბისგან და 500 ფუნტიანი 1 700 ბომბისგან,“ - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გადაიდო მინიმუმ ორი კვირით, მოიცავდა Boeing-ის მიერ წარმოებულ პირდაპირი თავდასხმის საბრძოლო მასალებს, რომლებიც არამართვად ბომბებს ზუსტ მართვად, ასევე მცირე დიამეტრის ბომბებად გარდაქმნის.

  • პარალელურად კი, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰიდან სამხრეთ ისრაელის კერემ შალომის გამშვები პუნქტისა და რეიმის ტერიტორიების მიმართულებით, რაკეტები ისროლეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კერემ შალომის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს.

"რაკეტები, რომლებიც კერემ შალომის გამშვები პუნქტის ტერიტორიისკენ გაისროლეს, ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ღაზის სექტორში. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ოპერაციას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების აუცილებელი პირობები კერემ შალომის ხელახლა გახსნისთვის“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ცნობით, რაფაჰიდან რეიმის მიმართულებით 12 ჭურვი ისროლეს, ხუთი მათგანი ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, დანარჩენი კი ღია ზონაში დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

”ერთ საათზე ნაკლებ დროში, ისრაელის თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა დაარტყა გამშვებს, რომელიც ისრაელის მიმართულებით ისროდა,”- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.