ავტორი:

"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე"

"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე"

"მის აშშ" ნოელია ვოიტმა, სულ რაღაც 7 თვის შემდეგ, თავის ტიტულზე უარი განაცხადა. მიზეზად ის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

24 წლის ლამაზმანმა შოკისმომგვრელი ამბავი "ინსტაგრამის" საშუალებით გააზიარა: "ნურაფრის გამო დათმობთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი სიმდიდრეა",- წერს ვოიტი სოციალურ ქსელში.

"ჩემი, როგორც "მის აშშ"-ს გამოცდილება, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, ჯერ იუტას შტატი წარვადგინე სიამაყით, მოგვიანებით კი უკვე მთლიანად აშშ. სამწუხაროდ, რთული გადაწყვეტილება მივიღე და 2023 წლის "მის აშშ"-ს ტიტულზე უარს ვამბობ."

  • ვოიტი 2023 წლის სექტემბერში "მის აშშ"-ს 72-ე კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. ამავდროულად, ის პირველი ვენესუელ-ამერიკელი ქალი გახდა, ვისაც ეს ტიტული ოდესმე მიუღია.

24 წლის ნოელია ვოიტს მანამდე აღუნიშნავს, რომ ის მოზარდობაში ბულინგის მსხვერპლი იყო. როგორც მოდელი ჰყვებოდა, ის 16 წლიდან მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში და სწორედ მაშინ განიცდიდა თანატოლებისა და მეგობრებისგან ბულინგს:

"ადგილობრივ სილამაზის კონკურსში პირველად რომ გავიმარჯვე ძალიან მიხაროდა, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დამცინოდნენ, სათავეში ჩემი საუკეთესო მეგობარი ედგათ. გული მეტკინა, რომ ადამიანები, რომლებსაც მეგობრებად მივიჩნევდი, ჩემთვის სასიხარულო მიღწევას აბუჩად იგდებდნენ."

სწორედ ამ გამოცდილებამ უბიძგა ნოელიას, რომ კონკურსის განმავლობაში ბულინგის წინააღმდეგ ესაუბრა და ამავე თემატიკაზე საბავშვო წიგნი გამოეცა:

"შინაგანად ვიცი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ დასაწყისია და იმედი მაქვს, სხვების დახმარებას და შთაგონებას კვლავ განვაგრძობ. თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტული უნდა იყოს, დაიცავით საკუთარი თავი და სხვები და არ შეგეშინდეთ მომავლის, მაშინაც კი, თუ ის გაურკვეველია",-დასძინა ახალგაზრდა ქალმა თავის პოსტში.

Miss USA-ს ორგანიზაციამ მოდელისადმი მხარდაჭერა ოფიციალურ განცხადებაში გამოხატა: "ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ყოფილი "მის აშშ"-ს ნოელია ვოიტის გადაწყვეტილებას. ჩვენი ტიტულის მფლობელთა კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია და გვესმის, რომ მას ახლა საკუთარი თავისთვის დრო სჭირდება. ჩვენი ორგანიზაცია ამჟამად ამ ტიტულის ახალი მფლობელისთვის გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მალე გავასაჯაროებთ",- წერია განცხადებაში.

წესების მიხედვით, "მის აშშ 2023"-ის გვირგვინს, სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს, "მის ვისკონსინ" ალექსის ლუმანს გადასცემენ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა