ავტორი:

რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე?

რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე?

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "რანინა", შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური პროექტია, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებას აცნობს უნიჭიერეს ბავშვებს, მეორე მხრივ კი მათ გემოვნების ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. თუმცა ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ბავშვების შესრულებული "ჩაკრულო" რატომღაც განსჯის საგნად იქცა. საყოველთაოდ ცნობილი ტექსტი, რომელიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რატომღაც ზოგიერთებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ხელისუფლების მხარდამჭერთათვის.

მაგალითად, ჟურნალისტი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს, წერს:

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დასვა ლიტერატორმა და მთარგმნელმა პაატა ჩხეიძემ. ქართული /მსოფლიო პილიფონიის /მრავალხმიანობის აღიარებული შედევრის - "ჩაკრულოს" ტექსტს შეეხება.***ამის შესახებ დაწერილიც ბევრია, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რაც უშუალოდ ანზორ ერქომაიშვილისგან მომისმენია:

"უცხოეთში ხშირად მეკითხებიან, - რაზეა ეს სიმღერა, განსაკუთრებული ინტერესი აქვთ პირველი სტროფის მიმართ. ვუხსნი, რომ ეს სუფრული და პატრიოტული სიმღერაა, მაგრამ როცა პირველი სტროფის შინაარსს შეიტყობენ, გაკვირვებულნი რჩებიან. არ ესმით, დღეს რატომ უნდა ჩავუხტეთ მუხრან-ბატონს და თავს ბანი რატომ უნდა დავანგრიოთ. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ კომუნისტურ ეპოქაში, ამ სიმღერას "რევოლუციონურს" უწოდებდნენ, ანუ ეს სტროფი იმ ეპოქაში ჩამატებული ჩანს. ამას გვაფიქრებინებს ის ფაქტიც, რომ მას ლოგიკური ბმა არა აქვს მომდევნო სტროფთან:

"ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო"...***]

ვფიქრობ, საკმარისია იმის ასახსნელად, თუ რატომ შეიქმნა, ანსამბლ "რუსთავისთვის", ამ სიმღერის ტექსტის ახალი ვერსია:

"მცხეთას დარისხდნენ ზარები, მოსვლასა ხმობენ მტრისასა, ამაჰყვა არაგვს ძახილი, მუხლს ვინ შაიბამს მგლისასა. სამჯერ ვარ დაბადებული,მონათლულიც ვარ სამჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,ერთხელ სიკვდილის არ მჯერა"...***და რა ლოგიკურად ებმის:"ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო, თელავში თუშმა დაგფერა, მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა"...**

*და მთავარი:

თუ მართლა გულწრფელად ვეთაყვანებით ქართული ხალხური სიმღერის შემგროვებელსა და გადამრჩენელს, თუ მართლა გვესმის ანზორ ერქომაიშვილის ფასი, მაშინ ყველა ანსამბლმა "ჩაკრულოს" ამ ტექსტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა.

***ამის აუცილებლობა განსაკუთრებით გამოჩნდა ახლახან, როცა "რანინას" ნორჩმა მომღერლებმა შეასრულეს. მათ, ცხადია, ჯერ გააზრებული არა აქვთ მისი შინაარსი, ჯერ არ ებადებათ კითხვა: რატომ უნდა ჩაუხტნენ მუხრან-ბატონს?! მაგრამ ამას, ორიოდე წლის შემდეგ, აუცილებლად იკითხავენ. აღარაფერს ვიტყვი მომდევნო სტრიქონებზე, მაგალითად, ასეთზე: "ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა"...პოლიფონიურ შედევრს ტექსტიც შესაფერისი უნდა ჰქონდეს, მით უფრო, რომ ქართული პოეზია (მათ შორის ხალხური) განსაცვიფრებელი შედევრებითაა სავსე".

ამ კრიტიკას ვრცლად პასუხობს ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი დათო ცინცაძე:

"ბატონო Ioseb Chumburidze, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, უძილო ღამეების ფონზე, ბავშვების "საკრიტიკოდ" რომ მოიცალეთ, არაა კარგი ამბავი! მაგრამ, ისევ ამ ბავშვბის ინტერესებისთვის - რომ გაიზრდებიან უნდა იცოდნენ სიმართლე, და ამიტომ გპასუხობთ.

სანამ პასუხზე გადავალ, მინდა მადლობა გითხრათ, რომ თქვენ პოსტში ნახსენები "უთავმოყვარეო ანსამბლის კონტექსტი" ჩემი თქვენთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ დააკორექტირეთ.

ბატონო იოსებ, არ ვიცი როგორ მოვიხსენო თქვენი ეს წერილი. კრიტიკაა, პოსტია, ემოციაა, იდეაა, თუ სხვა რამ?

"მიკვირს" ახლა რატომ გაჩნდა ამაზე საუბრის საჭიროება?https://rb.gy/lc6z3f

მე, ბატონი ანზორის მოსწავლე ვიყავი და დღემდე ვსწავლობ მისი განვლილი გზით. ვკამათობდი მასთან და თვითონაც მიყადრებდა თავს თანატოლივით. მეც ასე მგონია სწორი - მოსწავლეს უნდა მისცე უფლება გეკამათოს, მოხვიდე ოპონირებაში და პედაგოგის დახმრებით მიაგნებინო ჭეშმარიტებას. რადგან ახსენეთ "რანინა", აქ შესრულებული "ჩაკრულო" (https://rb.gy/kq2x8n) და ერთგვარი კრიტიკით მიუდექით ამ ეპიზოდს, საზოგადოებას და თქვენც, პატივისცემით მოგიყვებით "ჩაკრულოსთან” დაკავშირებულ “ისტორიებსა” და ტექსტებზე: ხალხურ შემოქმედებაში კომპილაციურობა გარდაუვალია. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა დროის ტექსტები და მელოდიები ხალხურ შემოქმედებაში ერთ ნიმუშად გვევლინება და ასეთი "სიჭრელით" ხალხური შემოქმედების უწყვეტობასაც ვხედავთ.

ამის მაგალითია "ხასანბეგურა", "ალიფაშა", "მრაავლჟამიერები", "მეტიური", "ოდოია", "ჩაკრულოები", გურული სიმღერების თითქმის ყველა ტექსტიანი ნიმუშები, ნადურები, იავნანები და სხვ. "ჩაკრულოს" ახალი ტექსტის ვერსია "რუსთავს” არ შეუქმნია, "რუსთავმა" ააჟღერა. თავად ტექსტი დავით წერედიანმა შესთავაზა ბატონ ანზორს, რის შედეგადაც ძველისა და ახლის (ტ. ტაბიძის ლექსის) შეწყმა გააკეთა დიდმა ლოტბარმა.

ბატონო სოსო, "ჩაკრულოს" პოპულარულ ტექსტთან დაკავშირებით როგორ მსჯელობასაც თქვენ ავითარებთ, ამავე პრინციპით მისაღები არც "ახალი" ტექსტი უნდა იყოს - “მონათლულიც ვარ სამჯერა”- ეს ტექსტი არაქრისტიანულია. მოგეხსენებათ ჯავახიშივლის თქმით, საქართველოში ნებისმიერ არამართლამდიდებელს (არამც თუ ქრისტიანს) თათარს უწოდებდნენ.

არ დავიწყებ მრწამსის ტექსტის განმარტებას. ერთი წინადადებაც კმარა:- "...ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა." და არავითარი სამჯერ მონთვლა.

ცოტას ვიხუმრებ კიდეც - სამჯერ მონათვლა კი არა, ბოლო გადაწყვეტილებით საპატრიარქომ ერთდროულად სამი ნათლიის ყოლა აკრძალა.

"ჩაკრულოში" ტექსტების სიმრავლე სხვადასხვა დროის ისტორიის ანარეკლია.

ხალხური სიმღერა არც მუსიკალური და არც ვერბალური თვალსაზრისით სტაბილური არ არის. იგი ცვალებადია და ასახავს იმ სოციუმსა და ისოტირას, სადაც იქმნება ან ფორმირდება ნიმუში.

ცოცხალი პროცესია ისიც, რომ "ჩაკრულოს" არაერთი ტექსტი ვიცით და კიდევ ახალი სასიმღერო ვარიანტები იქმნება.

რატომაა "ჩაკრულო" სუფრული და არა საბრძოლო? - "ჩაკრულოს" მუსიკალური აგებულება გრძელი მრავალჟამიერების ტიპს მიეკუთვნება და შესაბამისად, სუფრულია.

- ქართულ სუფრაზე ითქმებოდა დარდი და სიხარული. და რა გასაკვირია, თუ ყველა დროს თავისი სათქმელი ჰქონდა. მაგალითად, გურჯაანში "ჩაკრულოს” საოცარი ტექსტით მღერიან (მღერის ლ. მუღალაშვილი 1952წ.): “კაცისა მიყვარს სტუმრობა კაცისა არნახულისა, დავწვი შეშა და ფიცარი, ფიცარი ჭირნახულისა, ურმისა მორგვი დავხეთქე, ცეცხლი დავანთე გულისა, ორკეცად ალი ამოსდის, ნახე დახვედრა სტუმრისა! ”ამ გურჯაანული ვარიანტის კიდევ სხვა ტექსტიც არსებობს:“კაცსა სტუმარი ეწვიოს, სტუმარი არ ნახულისა, დააპოს ურმისა მორგვი ზაფხულის შენახულისა, დასწვას ფიწალი, ორთითი, ცეცხლი დაანთოს გულისა, ოთხკუთხივ ბოლი ავიდეს, დასვას და ანადიმოსა, ატლასის კაბა ჩააცვას და ცხენსაც შესვას პილოსა, ყველა ტყუილად ჩაუვლის, თუ კი არ ასმევს ღვინოსა. ”განსხვავებულ ტექსტს ვხვდებით "ჩაკრულოს” შილდურ ვარიანტებში (მღერის დ. ლევანას გუნდი 1912წ.): “გამხიარულდი, ბუხარო, გულჩამთხრობილი ნუ ხარო. შვილი მამას ეუბნება: -დაიბერდი ჩემთან ნუ ხარო. - რა გითხრა, შვილო, მოხუცმა თავს ბევრი გადაიმხედია, სულ დამივლია მთა-ბარი ის უდაბური ქედია. რა ვქნა რომ ხმალი ხმალსა სცემს ძმებო. ომი მირჩივა შიმშილსა. (ან და - მოვკალ, ხმლით მოვკალ ჩემ ძმებო, ხვალ დილით მივალ სიკვდილსა) თოფ-იარაღის წამალი, მაშინ ვირჩივოთ ცოლ-შვილსა !

სიმღერის უცნაურ ტექსტს აფიქსირებს ზ. ფალიაშვილი გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში:

"ჭირიც მოგჭამოს დედამა, შვილო თავ-შეუდებარო. შენ წამალ-დაუდებარო, დაკუწულო“. ულამაზეს ნახატს ქმნის ივ. გრიმოს და გ. ჩხიკვაძის მიერ ჩაწერილი "ჩაკრულოს” ვარიანტი 1967წ."ტკბილად ნაქებო კახეთო, დიდო ალაზნის ჭალაო, ირემო იალაღზედა ივრის პირებზედ ჩალაო! ბარდში მძრომელო ხოხობო, შენ ტურფა ხარისთვალაო. შენი მინდვრების ჭირიმე შენზედ ირმების ფარაო! თვალები გიგავს მაყვალსა, ლოყებიც ვაშლის ნათალსა, ენით შ(ჩ)ამაუღუღუნე ერთხელ ნუ მეტყვი უარსა(ო).” ამავე სიმღერას ხშირად ნაწილობრივ ენაცვლება შემდეგი ვარიანტიც: "მიყვარხარ ტკბილო კახეთო, დიდო ალაზნის ჭალაო, შირაქო ცხვრების დედაო, ზედ ჯეირნების ფარაო. ალაზნის ტალღამ გაკურთხა, იორმა პირი გბანაო, ვერ მოგერია დუშმანი,თუმც ბევრჯერ მოგეძალაო. ქვეყანა შემოვიარე ,ვერ ვნახე შენისთანაო. ერთიან საქართველოის დაუშრეტელო ძალაო.”ასევე, არაერთი ვარიანტია "ჩაკრულოს” იმ ტექსტისა, რომელიც ყველაზე ცნობილია და რომლის ფრაგემნტიც კოსმოსში არის გაგზავნილი:

"ხიდის თავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეათ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია. მუხრან ბატონის ყმობითა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა, დეკეული ვერ გავზარდე, კალო ვერ ვლეწე მოზვრითა. ხმალო ხევსურეთს ნაჭედო/ნაგდებო, თელავში თუშმა გაგფერა/დაგფერა, მეფე ერეკლემ (ერეკლე მეფემ) გაკურთხა/აგიღო, საომრად ჯვარი დაგწერა. მტერო დამჩაგრე არ ვსტირი, ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია. მაცადე ერთი ავლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია, სულ წმიდად მოგამკევინო, რაც ჩემთვის დაგითესია.“

ტექსტის ეს უკანასკნელი ვარიანტი შესაძლებელია ალ. ყაზბეგს ეკუთვნოდეს. მას მსგავსი ტექსტი მცირედი ვარირებით გამოყენებული აქვს ნაწარმოებში "მუქარა" და მისი ვერსია ასე გამოიყურება: "მაცადე, მეცა გავმართო ჩახმახი, ცეცხლის მკვესია. სულ წმინდად მოგამკევინებ, რაც ჩვენში დაგითესია."

ბოლო პერიოდში, ისე როგორც ადრე, "ჩაკრულოს" ამ დიდებულ ნიმუშს არაერთი ლოტბარი შეეხო. სიმღერას ყველამ თავსებურად შემატა ახალი ვერსია და ამით ხალხურ შემოქმედება გაამდიდრა.

"რუსთავისეული" ტექსტი თავად გიწერიათ და აქ აღარ განვავრცობ.

"ერისიონისეული" ვარიანტი ასეთია: "მტერსა რომ მტრობას უწევდეს, ვაჟკაცის შესაფერია, ვისაც მტრის მტრობა აშინებს, ის ქვეყნად არაფერია. არც მოუხდება აბჯარი, არც ომში წასასვლელია. არცა ხსენდება კაცადა, არც არად ჩასათვლელია." და შემდეგ: "ხმალო ხევსურეთს ნაჭედო..."მოგვინებით ჩემი ინიციატივით "შავნაბადამაც" სხვა ტექსტით იმღერა "ჩაკრულო" და იგი ასე გამოიყურება:

„სიმართლე მიყვარს, სიმართლე, სიმართლე მთელი წესია. ვესწრაფი კეთილის ქმნასა გრძნობებიც გამილესია. შესაბრალებელს ვიბრალებ, როგორც მიბრძანებს წესია, თქვენი კანონი თქვენ იცით, ჩემი კანონი ესია! მტერო დამჩაგრე არ ვსტირი, ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია. მაცადე ერთი ავლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია, სულ წმიდად მოგამკევინო, რაც ჩემთვის დაგითესია.“

აქ ვაჟა-ფშაველას და ხალხური ტექსტის კომბინირება ჩემი ინიციატივა იყო. ამ ვარიატების გარდა არსებობს გაუშიფრავი თუ გაშიფრული "ჩაკრულოები". აქ მრავალფეროვნებისთვის მხოლოდ რამდენიმე გამოვარჩიე.

მოგეხსენებათ, რომ იტორიის გადაცემა არა მხოლოდ ფურცლის მეშვეობით, არამედ ზეპირსიტყვიერებითა და სხვა ხერხებითაც ხდება. ვის აქვს უფლება დაუმალოს მომავალ თაობას ქვეყნის ისტორია, რაც სხვადასხვა "ჩაკრულოს" ტექსტებშია ასახული?!

ბატონო სოსო, ქართული ხალხური სიმღერის პატრიარქი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც რუდუნებით ეძებდა, ქმნიდა და განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ვარიანტების სიმრავლეს, მასზე ამბობთ: თუ "ვეთაყვანებით", მხოლოდ მის მიერ დამუშვებული ვერსია უნდა იყოს პრიორიტეტიო?! მიკვირს! მერწმუნეთ, მისი მასშტაბი გაცილებით დიდი, მრავალფეროვანი, მრავლის მიმღები, გამცემი, შემქმნელი და მაძიებელი იყო. ამის დასტურად შორს რომ არ წავიდე, თქვენი ერთობლივი საქმიანობიდან გაგახსენებთ, როგორ უფრთხილდებოდა ბატონი ანზორი "ჩაკრულოს" ისტორიულ ტექსტებს - მისი ხელმძღვანელობით, თქვენი და სხვა პროფესიონალების თანამონაწილეობით შეიქმნა გამოცემა GEORGIA, სადაც "ჩაკრულოს" ოცი ნიმუშია შესული სხვადასხვა ტექსტებით, რომ მომავალი თაობისთვის შენახულიყო ისტორია. და ასეთ ადამიანზე ამბობთ, თუ "ვეთაყვანებით" მხოლოდ მისი ტექსტით უნდა ვიმღეროთ?!

არასწორია! ვინც ბატონ ანზორს იცნობდა, არავინ დაგეთანხმებათ, რომ "ჩაკრულოს" მხოლოდ მისეული ვარიანტის არსებობა და დანარჩენის დავიწყება ან ჩრდილში დაყენება მოეწონებოდა. არ სჩვეოდა საკუთარი შემოქმედების ძალდატანება. თავმდაბალი კაცი იყო. მან მისეული ვერსიით კიდევ ერთი მარგალიტი შესძინა ქართულ ხალხურ შემოქმედებას და სულაც არ უფიქრია, რომ ეს უნდა ყოფილიყო მთავარი და სხვა ისტორიული თუ მხატვრული ტექსტები მეორადი.

ჩემთვის ანზორ ერქომაიშვილის პიროვნების ასეთად წარმოჩენა წარმოუდგენელია!

და ბოლოს, მერწმუნეთ! მე უფრო დიდი, ღრმა აზროვნების იშვიათი პედაგოგი მყავდა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ...

P.S. გული მიგრძნობს, ამ პოსტს მოყვება არაერთი "კრიტიკოსის" განსხვავებული აზრი, თუმცა, აღარავისთან ვაპირებ მსჯელობის გაგრძელებას!"