ავტორი:

ირანის უსაფრთხოების ძალებმა გააუპატიურეს და სასტიკად მოკლეს 16 წლის გოგონა - რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა მედიამ?

ირანის უსაფრთხოების ძალებმა გააუპატიურეს და სასტიკად მოკლეს 16 წლის გოგონა -  რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა მედიამ?

ირანში,16 წლის ნიკა შაქარამი 2022 წელს რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილი პროტესტის დროს გაუჩინარდა. ცხრა დღის შემდეგ მისი ცხედარი იპოვეს. მთავრობა ამტკიცებდა, რომ გოგონამ თავი მოიკლა.

ცოტა ხნის წინ, საიდუმლო დოკუმენტებმა გაჟონა, რომლის თანახმადაც, გოგონა ირანის უსაფრთხოების ძალებში მომუშავე სამმა მამაკაცმა გააუპატიურა და მოკლა. დოკუმენტში ნახსენებია მისი მკვლელების და ყველა იმ უფროსი მეთაურის სახელი, რომლებიც სიმართლის დამალვას ცდილობდნენ.

ნიკა შაკარამის გაუჩინარებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა. თინეიჯერი გოგონა ირანში ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

BBC-ის მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, ნიკა უკანასკნელად 20 სექტემბერს საღამოს, თეირანის ცენტრში, ნაგავსაყრელზე მდგარი შენიშნეს, როცა ჰიჯაბს ცეცხლს უკიდებდა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

ოჯახმა გოგონას ცხედარი გაუჩინარებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ იპოვა. ირანის ხელისუფლება უარყოფდა, რომ სიკვდილი დემონსტრაციას უკავშირდებოდა და საკუთარი გამოძიების ჩატარების შემდეგ დაასკვნა, რომ ის თვითმკვლელობით გარდაიცვალა.

როგორც გაირკვა, ნიკას, როგორც დემონსტრაციის ერთ-ერთ ლიდერს, უსაფრთხოებს ძალები უთვალთვალებდნენ. დაკავების შემდეგ იგი ფურგონში ჩასვეს თეირანის ცნობილ ევინის ციხეში წაიყვანეს. იგი ფურგონში უსაფრთხოების ძალების სამ წევრთან ერთად იმყოფებოდა. ესენი იყვნენ არაშ კალჰორი, სადეგ მონჯაზი და ბეჰროზ სადეჰი. გუნდის ლიდერი მორთეზა ჯალილი წინ იყო, მძღოლთან ერთად.

  • დოკუმენტებიდან დამატებითი შემზარავი დეტალები ხდება ცნობილი:

"ფურგონში ბნელოდა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ნიკამ გინება დაიწყო. ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ყვირილის ხმა მესმოდა. ტელეფონი გავანათე და დავინახე, რომ სადეგ მონჯაზიმ შარვალში ჩაიდო ხელი“, - ნათქვამია ერთ-ერთი გამტაცებლის ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ სადეგმა ნიკას ხელკეტით ცემა დაიწყო. ხმაურზე ფურგონი გააჩერეს. მორთეზა ჯალილმა სიტუაციის შესამოწმებლად უკანა კარი გააღო და ნიკას ცხედარი აღმოაჩინა.

შემდეგ ოფიცერს, კოდური სახელით "Naeem 16"- დაურეკა, რომელმაც მათ ცხედრის ქუჩაში გადაგდება უბრძანა. ნიკას ცხედარი დატოვეს წყნარ ქუჩაზე, თეირანის იადეგარ-ე-ემამის გზატკეცილის ქვეშ. BBC-იმ ისიც გაარკვია, რომ Naeem 16 კაპიტან მოჰამად ზამანის კოდური სახელია.

ნიკას სიკვდილში მონაწილე არცერთი ოფიცერი არ დაუკავებიათ. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზად კვლავ თვითმკვლელობა სახელდება.

საპროტესტო გამოსვლები ირანში 2022 წლის 16 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მაჰსა ამინის გარდაცვალების შესახებ. იგი ოჯახთან ერთად დასავლეთ ირანიდან დედაქალაქში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის სამ დღეში გარდაიცვალა.

ნახეთ ასევე: