ავტორი:

"რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა" - ნიაზ დიასამიძის ექსკლუზიური ინტერვიუ

"რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა" - ნიაზ დიასამიძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ნიაზ დიასამიძის ინტერვიუზე დათანხმება რთული საქმეა. თუმცა საქართველოს ნაკრების წარმატება ამაშიც დაგვეხმარა - საფეხბურთო თემაზე საუბარზე უარის თქმა აღარ გამოდისო. ჰოდა, ვილაპარაკეთ კიდეც: მუსიკაზე, ფეხბურთზე, მუსიკისა და სპორტის კავშირზე, 26 მარტის ემოციებსა და ჩვენი ნაკრების ევროპულ პერსპექტივებზე... დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ არაერთი გამარჯვებაა და საქართველოს ნაკრები აუცილებლად გავა ჯგუფიდან! ნიაზთან ექსკლუზიური ინტერვიუ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ:

- სამწუხაროდ, დღესაც - 35 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს რუსეთსა და მის გავლენაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ბოლომდე არ მოსწყდება რუსულ გავლენას. რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა. ეს ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არიან დაბადებული, ბოლომდე აცნობიერებენ თავისუფლების ფასს და ვერც ხვდებიან, რატომ უნდა ისწრაფოდნენ რუსეთისკენ, საერთოდ რა დაგვრჩენია იქ?! საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველო არის ევროპა და აღარასდროს უნდა დაბრუნდეს არც ერთ რუსულ ნარატივში! გვყავს ახალი, ბოლომდე თავისუფალი თაობა, რომელმაც სამუდამოდ უნდა დაასრულოს რუსეთის მიმართ ეს ერთგვარად ნოსტალგიური“ განწყობა.

- სიმბოლურია, რომ სწორედ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში უნდა ვილაპარაკოთ ქართველი ფეხბურთელების ძალიან ემოციურ გამარჯვებაზე. 26 მარტს მოგებული მატჩი ხომ მხოლოდ სპორტული წარმატება არ ყოფილა: ემოციების ზღვა იყო და იმის ნათელი მაგალითი - რა ძალა აქვს ერთობას!

- 9 აპრილი თავისუფლებას და თავისუფლებისთვის თავგანწირვას ნიშნავს! მადლობა ყველას, ვინც რუსთაველის პროსპექტზე იყო 1989 წლის აპრილში. მადლობა მათ, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა თავი... რამდენი წელიც უნდა გავიდეს, საქართველოში არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე და მისი მნიშვნელობა.

რაც შეეხება 26 მარტს, ეს იყო უდიდესი სიხარულის დღე, რომელიც გასცდა საფეხბურთო მოედნის ფარგლებს, ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტის სახეობაში მოპოვებული გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდაუზოგავი ბრძოლით მოიპოვეს ეს გამარჯვება, მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ის ერთიანობა და მუხტი, რაც მოედანზე, ტრიბუნებზე, მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა. ამ ენერგიის დამსახურებით ყველამ ერთად გავიმარჯვეთ! თუმცა ეიფორია დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. საქმისადმი პროფესიული მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, ევროპის ჩემპიონატისთვის სერიოზულად მოვემზადოთ და შედეგიც აუცილებლად იქნება. წინ ბევრი წარმატებაა!

- ევროპის ჩემპიონატზე გასვლით არაფერი დასრულებულა. პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება!

- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გრძელდება. ქართულ ფეხბურთს ისეთი ისტორია აქვს, რომ სხვაგვარად ვერ იქნებოდა. ყველა ვხედავთ ჩვენი ფეხბურთელების პოტენციალს, ვხედავთ, რომ მაგარი ბიჭები არიან. ახლა მხოლოდ ბევრი თამაში სჭირდებათ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე.

- საბერძნეთთან მატჩს ტრიბუნიდან უყურეთ?

- დიახ, მეც ტრიბუნაზე ვიყავი. "დინამოზე" მას შემდეგ დავდივარ, პირველად 6 წლისა რომ წამიყვანეს მამამ და მისმა მეგობრებმა... სავსე, ერთიანი სტადიონი ბევრჯერ მახსოვს, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო: უჩვეულო, განსხვავებული გარემო, რაღაცნაირი გარინდულობა ხმაურის ფონზე...

ფინალის წინა დღეებში ხომ გვესმოდა ხოლმე, საბერძნეთი ძლიერი გუნდია, ძალიან გაგვიჭირდებაო და სხვა, მაგრამ 26 მარტის დილიდან ყველაფერი შეიცვალა. ყველა მიხვდა, რომ მარცხზე ფიქრის დაშვებაც კი დამღუპველი იყო. იგრძნობოდა, რომ მოგების გარდა "სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნდა"... მე მჯერა ასეთი ენერგიის. იმ დღეს იმდენჯერ ითქვა სიტყვა "ვიგებთ", სხვანაირად ვერ იქნებოდა!

- რას ელით ევროპის ჩემპიონატისგან - როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები?

- ველი, რომ გავაგრძელებთ წარმატებულ სვლას, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯგუფიდან გავალთ! ისევ 26 მარტის მუხტზე ვარ, ოღონდ თავს კი არ ვიტყუებ, კი არ ვოცნებობ, ისევე მჯერა, როგორც ბერძნებთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით გვჯეროდა ყველას და საღამოს დაგვირგვინდა კიდეც ჩვენი მოლოდინი. მგონია, რომ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ, დანარჩენი კი მერე ვნახოთ... ბოლო წლებში ფეხბურთის საერთო დონე გათანაბრდა. გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ კონდიციაში იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეები. ამიტომაც გამორიცხული არაფერია. მხოლოდ ჯგუფიდან გასვლას არ ვგულისხმობ! გააგრძელეთ კითხვა