ავტორი:

"ათენის სკოლაში 19 წლის ქართველი შეიჭრა, დირექტორი დაჭრა, ნიგერიელ მოსწავლეს კი ჩაქუჩით გაუსწორდა" - უმძიმესი დანაშაულის დეტალებზე ბერძნული მედია წერს

"ათენის სკოლაში 19 წლის ქართველი შეიჭრა, დირექტორი დაჭრა, ნიგერიელ მოსწავლეს კი ჩაქუჩით გაუსწორდა" - უმძიმესი დანაშაულის დეტალებზე ბერძნული მედია წერს

ათენის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარმა სისხლიანმა ინციდენტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. კიფსელის რაიონში მდებარე 41-ე სკოლაში 19 წლის ახალგაზრდა დანითა და ჩაქუჩით შეიარაღებული შევარდა და ნიგერიელი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ქართველია.

შემთხვევა 26 მარტის დილას 8:30 საათზე მოხდა. დაშავებული სკოლის მოსწავლე "გენიმატასის" საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ახალგაზრდას დაზიანებები თავისა და მხრის არეში ჩაქუჩით ჰქონდა მიყენებული. სკოლის დირექტორს, რომელიც ხმაურზე მოსწავლის გადასარჩენად გამოვიდა, მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული დაზიანებები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავი უწყება ამ დრომდე ეძებს თავდამსხმელის მოტივს. შემთხვევას სწავლობს ასევე ადგილობრივი პოლიცია, თუ როგორ მოახერხა თავდამსხმელმა სკოლაში შესვლა მაშინ, როდესაც დაცვა ადგილზე იმყოფებოდა. სკოლის მოსწავლეების თქმით, დაჭრილ მოზარდს უთანხმოება ჰქონდა თავდამსხმელის ძმასთან, რის გამოც 19 წლის მოზარდი სკოლაში სამშაბათს დილას მივიდა და არასრულწლოვან მოსწავლეებს დაემუქრა.

დანაშაულის იარაღი, რომელიც პოლიციამ ამოიღო

დაკავებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და ადვოკატი მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მოულოდნელად შევიდა სკოლის შენობაში და ნიგერიელი მოსწავლის დანახვისთანავე მას თავს დაესხა და ჩაქუჩი დაარტყა.

მოსწავლე, რომელიც ორი დღის წინ მომხდარ სისხლიან ეპიზოდს შეესწრო, ბერძნულ მედიასთან iefimerida.gr-თან სატელეფონო საუბარში ჰყვება, თუ რა მოხდა ათენის სკოლაში.

"კიბეებზე ავდიოდი, როდესაც ჩხუბი დაიწყო. დავინახეთ, როგორ ურტყამდა დამნაშავე მსხვერპლს. მოსწავლე თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. მოულოდნელად თავდამსხმელმა ჯიბიდან ჩაქუჩი ამოიღო და თავში დაარტყა. სწორედ ამ დროს ჩაერია სკოლის დირექტორი და მათ შორის ჩადგა, დამნაშავემ მას მუცლის არეში დანა დაარტყა. მომხდარის შემდეგ კლასებში ჩაგვკეტეს, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვყოფილიყავით. იატაკზე ყველგან სისხლი იყო. პანიკაში ვიყავით. ვტიროდი, რადგან არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა...“ - ამბობს მოსწავლე.

მომხდარის შემდეგ, თავდამსხმელმა სკოლის სარდაფში დამალვა სცადა, თუმცა ახალგაზრდა რამდენიმე წუთში პოლიციამ დააკავა. ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის იარაღები.