ავტორი:

"ეშმაკის კომეტა" დედამიწას უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები: "მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს..."

"ეშმაკის კომეტა" დედამიწას უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები: "მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს..."

"ეშმაკის კომეტა" იშვიათი გალაქტიკური ფენომენია, რომელიც ევერესტის ზომისაა და მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს. ახლა ეს კომეტა დედამიწისკენ მოისწრაფვის და ასტრონომების თქმით, შესაძლოა, მალე ის შეუიარაღებელი თვალითაც ვიხილოთ.

კაშკაშა კომეტა ოფიციალურად 12P/Pons-Brooks -ის სახელითაა ცნობილი. მეცნიერების თქმით, ის მზის სისტემის შიდა ტერიტორიას უახლოვდება და მისი დანახვა ამჟამად მხოლოდ ტელესკოპით ან ბინოკლითაა შესაძლებელი.

თუმცა როგორც Space.com იტყობინება, მარტის ბოლოს კომეტის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შებინდებისას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანებისთვის გახდება შესაძლებელი. "ეშმაკის კომეტა" ვერძის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის დასავლეთ ჰორიზონტზე გამოჩნდება.

კომეტა 6 მარტს ინგლისის ცაზე შენიშნეს

კომეტა 21 აპრილს მზესთან უახლოეს მანძილზე აღმოჩნდება, მაისში კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მხედველობის არედან საერთოდ გაქრება. მოგვიანებით, ის დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნება ხილული, საბოლოოდ კი 2095 წლამდე ისევ გაქრება და მისი დანახვა ადამიანებს 70 წელი ისევ აღარ შეეძლებათ.

  • "უმეტესი ადგილიდან მისი დანახვა ალბათ ბინოკლით უფრო იქნება შესაძლებელი, თუმცა ბნელი ტერიტორიებიდან ის ალბათ შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება" - განაცხადა მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომიის ობსერვატორიის დირექტორმა ელიზაბეტ უორნერმა Washington Post-თან საუბრისას.

კომეტამ თავისი უცნაური ზედმეტსახელი მოულოდნელი სიკაშკაშის "აფეთქების" გამო ცოტა ხნის წინ მოიპოვა, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ეშმაკის რქებს მიამსგავსა.

მეცნიერების თქმით, მსგავსი გაბრწყინება, რომელიც სიკაშკაშის ექსპონენციალურ ზრდას იწვევს, შესაძლოა, ამ თვეში კიდევ უფრო მოხშირდეს. ამის მიზეზები უცნობია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, კომეტას შესაძლოა აქტიური ყინულის ვულკანები ჰქონდეს, რომლებიც ფეთქდებიან, რაც მას კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას ჰმატებს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა