არ ვიცი რამდენად ექნებათ ხალისი სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის, მაგრამ გამოძიების დასრულების შემდეგ ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ, ალბათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომელიც სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვას ეხება. ადვოკატის თქმით, საჯარო მოხელის მხრიდან ასეთი განცხადებები არასერიოზულია იმ ფონზე, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. თუთბერიძის აზრით, თბილისის მერს ამხანაგურ მატჩზე და ინციდენტის დავიწყებაზე მეტად, დანაშაულის გამოძიება უნდა აღელვებდეს.
„ცოტა არასერიოზული განცხადება მგონია, მით უმეტეს საჯარო მოხელის მხრიდან, რომელსაც, ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გამოძიება უნდა აინტერესებდეს და აღელვებდეს, ამბობს - მოდი დავივიწყოთ ის დანაშაული, რაც მოხდა. მე ვფიქრობ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის დავიწყება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან და ეს ნამდვილად არ იყო წვრილმანი ხულიგნობა ან რაიმე სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ ეტაპზე ცხადია ვითხოვთ გამოძიების ეფექტურად, სწრაფად და ობიექტურად დასრულებას. ამის შემდეგ კი, მე არ ვიცი რამდენად ექნებათ სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის ხალისი, მაგრამ ცხადია ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ ალბათ“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება გამოძიებას, ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ნიგერიელ სტუდენტებზე განხორციელებულ ძალადობაზე აქტიურად მიმდინარეობს.
„ტარდება გამოკითხვები. მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ და არ საჭიროებს არც ერთი მათგანი სამედიცინო დახმარებას. ყველა მათგანმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან არ უნდათ დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.
8 აპრილს, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.