ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია.
AMBEBi.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ყველაზე უფროსი 59 წლის გოგი რაფავაა.
უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ: 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა. დაღუპულებს შორის ყველაზე სტაჟიანი მაღაროელი ელგუჯა ბოჭორიშვილი იყო. 52 წლის მამაკაცს ორი შვილი დარჩა.
ლევან ბეშქენაძე (ყოფილი მაღაროელი):
"6 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ძალიან ახალგაზრდაა, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის ბიჭები არიან. მირზა ქურციკიძეს სამი შვილი ჰყავდა. ერთად ვმუშაობდით შახტაში, ვენტილაციის უსაფრთხოების განყოფილებაში ათმეთაური იყო. ერთი წელი ერთად ვმუშაობდით, ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მძიმე პირობებში უწევდა მუშაობდა, როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, სოფელ ძიროვანში მუშაობდა გიშერის საწარმოში და ასე არჩენდა ოჯახს.
რაც შეეხება პავლე გამეზარდაშვილს, ისიც ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, სამი ძმა ჰყავს და ისინიც შახტაში მუშაობენ. ცოლ-შვილი ჰყავდა პავლესაც. აქ ამბობენ, რომ აფეთქების ხმა არ ყოფილა და რას მოყვა წნევა და ამხელა ტრაგედია არ ვიცი".
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავტორები: გიორგი სულაძე, თამარ ბოჭორიშვილი