ავტორი:

მასშტაბური ხანძარი რუსეთში, გასართობ ცენტრში - დაღუპულია 64, მათ შორის ბავშვები

მასშტაბური ხანძარი რუსეთში, გასართობ ცენტრში - დაღუპულია 64, მათ შორის ბავშვები

რუსეთში, ციმბირში, კემეროვის ოლქში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ზამთრის ალუბალში" გაჩენილ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 64 ადამიანი ემსხვერპა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით, შუადღის 12:00 საათზე გაჩნდა, შენობის მეოთხე სართულზე, სადაც საბავშვო გასართობი ცენტრები და სამი საბავშვო კინოთეატრი იყო.

ხანძარი ელვისებურად გავრცელდა შენობის მთელ სართულზე და დაახლოებით, 1500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოედო... ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ძალისხმევის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდებოდა...

დაღუპულების უმრავლესობა ბავშვია. მათი ცხედრები სწორედ მეოთხე სართულზე, კინოთეატრის დარბაზში აღმოაჩინეს. BBC.COM-ის წყაროს ინფორმაციით, ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა და გაძლიერდა, რამაც იქ მყოფებში პანიკა გამოიწვია. ისინი შენობის დატოვებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

“ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ ცდილობენ, იქ დარჩენილები კარების გაღებას ან შენგრევას თავად... ეს განწირული ადამიანების ბოლო იმპულსია გადარჩნენ ან გადაარჩინონ ბავშვები და ამ კადრების ნახვა ძალიან მძიმეა,” - წერს გამოცემის რუსული სამსახური.

“იქვეა სკოლა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რათა სავაჭრო ცენტრში მყოფი ოჯახის წევრები გადაერჩინათ, თუმცა ისინი სახლში ამ დრომდე არ დაბრუნებულან... მოხალისეები, სპეცსამსახურის თანამშრომლები, ცენტრში მყოფი ბავშვების ახლობლები დაკარგული არიან... აქ სრული პანიკაა”, - ამბობს თვითმხილველი.

კემეროვის ვიცე-გუბერნატორი ვლადიმირ ჩერნოვი დაღუპული და დაზარალებული ადამიანების ოჯახებს შეხვდა და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ბავშვს სანთებელა ჰქონდა და ხანძარი შესაძლოა, სწორედ მისი მიზეზით გაჩნდა.

“ცეცხლი თავიდან, საბავშვო ოთახში გაჩნდა, სადაც ბავშვებმა ბატუტს ცეცხლი წაუკიდეს... თუმცა ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ არ ჩაირთო სახანძრო სიგნალიზაცია,” - განაცხადა მან.

ამასთან, ზოოპარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო გისოსების გახსნა, შიგნით მყოფებს რომ შენობის კარების გაღება შესძლებოდათ, მსხვერლი ნაკლები იქნებოდა...”

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრში ასევე იყო კონტაქტური ზოოპარკი, სადაც ზღვის გოჭები, ზღარბები და კატები ჰყავდათ... ზოოპარკის დირექტორის ევგენი ვიდემანის თქმით, დიდი ალბათობით ყველა ცხოველი დაიღუპა.

ჩერნოვის შეფასებამ აღაშფოთა რუსული მედია. მათი თქმით, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, რომლის შედეგადაც, ნორმალური ქვეყანაში ის უნდა დასჯილიყო.

“ეს გამოსვლა იყო სამარცხვინო და სავარაუდოდ, ბატონი ჩერნოვი არაფხიზელ მგომარეობაში იმყოფებოდა, სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია ამ პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა ამ მძიმე მდგომარეობაში ოჯახის წევრებს ასეთი აბსურდული ტექსტით მიმართოს. ყველაფერი სანთებელით მოთამაშე ბავშვს დააბრალო უმსგავსობაა, მაშინ როდესაც შენობის უსაფრთხოებაზე კრინტსაც არ ძრავს...” - წერს რუსული მედია.

RBC.RU-ს ცნობით, სავაჭრო ცენტრი უხარისხო მასალებით იყო ნაშენი, მაგალითად, ძალიან დიდი რაოდენობით პენოპოლისტირია გამოყენებული, შესაბამისად, ადამიანები, დიდი ალბათობით, ტოქსიკური კვამლით გაიგუდნენ...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე