დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 წლის მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მ. ბ.-მ (მამუკა ბერძენიშვილმა) პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ჩაიდინა დანაშაული.
"კერძოდ, ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, რბილი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 6 ცალ, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება და ელექტრო-სასწორის პირზე არსებული დანაშრევი ამოიღეს. სასამართლომ მ. ბ.-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბერძენიშვილის ოჯახი და მეგობრები აღნიშნულ განაჩენს არაადეკვატურად მიიჩნევენ და საქმის გადახედვას მოითხოვენ. დაკავებული "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელია და მის შესახებ პოსტებს ტელეკომპანიის თანამშრომლებიც წერენ.
მარიამ ჭელიძე, პროდიუსერი: "ეს ყველაზე მაგარი ბიჭი, ჩემი საუკეთესო მეგობარია, აგერ უკვე 13 წელია. ბიჭი რომელიც სიკეთის განსახიერებაა. არ არსებობს ადამიანი ვინც იცნობს, რო მასზე არ გიჟდებოდეს! ხოდა დღეს ამ ყველაზე მაგარ ბიჭს 1 გრამი “ემდიემეის” გულისთვის 8 წელი მიუსაჯეს! 8 წელი! ჯგუფურ ყაჩაღობაზე - 5 წელი, მკვლელობაზე 7! ეს რა უბედურებაა, ვინ ადგენს ამ კანონებს!!! სად ვცხოვრობთ?"
გიორგი ზურაბიშვილი, სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი: "ერთ-ერთი ყველაზე ჯიგარი და უბოროტო ადამიანი, ვისაც ვიცნობ - მამუკას 1 გრამი ემდიემეის (კლუბში ორი ადამიანის საგულაო რაოდენობა) ფლობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გასართობად კლუბისთვის ემზადებოდა და 8 წლით გაუშვეს ციხეში. თავისი საქმის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და უკარგესი მეგობარი მოგვპარა დღეს სამარცხვინო სისტემამ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ბოროტება მართლა არ ვიცი... ხმას რატომ არ იღებთ ადამიანებო, აუცილებლად თქვენი ოჯახის წევრი უნდა შეეწიროს ამ ფაშიზმს? დაგვიჭირეთ მაშინ ყველა, მთელი საზოგადოება და გაგვიშვით ციხეში! მამუკა არაფრით ჩვენზე მეტი დამნაშავე არ არის!!!"
AMBEBI.GE მომხდარის დეტალების გასარკვევად, მამუკა ბერძენიშვილის დას, მარიამ ბერძენიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბერძენიშვილი 9 თვის წინ დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარებას გულისხმობს.
როგორც დაკავებულის და განმარტავს, კანონში ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული რაოდენობა განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, როგორც 2, ისე 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება დიდ რაოდენობად მიიჩნევა, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
"ჩემი ძმა კრიმინალი არ არის, კრიმინალები გარეთ დადიან. კლუბური ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა და დააკავეს. ნარკოდამოკიდებულებს ვერ დავარქმევთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვეში ერთხელ კლუბში დადიან და ნარკოტიკულ საშუალებას იღებენ, ეს იგივეა, რაც კლუბში ვინმე ალკოჰოლს იღებდეს და ალკოჰოლიკი უწოდო.
სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ასეთია კანონი, მინიმალური სასჯელი 8 წლით თავისუფლების აღკვეთაა და შედეგს ვერ მივაღწიეთ" - აღნიშნა მარიამ ბერძენიშვილმა.
დაკავებულის დის ინფორმაციით, მამუკა ბერძენიშვილს აქვს სამსახური, ჰყავს მეუღლე და ნარკოდამოკიდებული არასდროს ყოფილა. როგორც მარიამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მის ძმას ყველაფერი თავზე დაენგრა.
"უნივერსიტეტის პირველი კურსიდან მუშაობდა, არის მონტაჟის სპეციალისტი, აქვს თავისი პროფესია, რომელშიც საკმაოდ რეალიზებული და წარმატებულია, მაგრამ ამ უაზრო გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად ყველაფერი დაუნგრია. გადაწყვეტილება დღეს მიიღეს და ჯერ არ ვიცით, როგორ მოვიქცევით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს. კვირაში ორჯერ მაინც ხდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ და ცხოვრებას უნგრევენ, მე პირადად, ასეთი განაჩენი არც ერთი ადამიანის შემთხვევაში არ მინახავს. პრობლემა არის კანონსა და მის აღმასრულებლებში და თუ მათი ცვლილება არ მოხდა, ალბათ აზრი არაფერს არ ექნება"- აღნიშნა მან.
მიმართავენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს, ამასთან დაკავშირებით მამუკა ბერძენიშვილის ოჯახს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან როგორ დაკავებულის დამ აღნიშნა, სასამართლომ განაჩენი დღეს გამოიტანა და ოჯახის წევრები მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით უნდა შეჯერდნენ.