ავტორი:

"მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?

"მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?

ყოველდღიური განცხადებების კვალდაკვალ, რომელიც ბრიტანელი და რუსი მაღალჩინოსნებისგან ბოლო დღეებია ისმის, ვითარება თანდათან იძაბება. ლონდონის გარშემო მთელი დასავლეთი შეიკრიბა, თუმცა, რუსეთი, როგორც ჩვევია, იხტიბარს არ იტეხს და ბრიტანეთს პასუხით ემუქრება... ვისი ინტერესები უფრო დაზარალდება, ამაზე ექსპერტებს ცალსახა პასუხი აქვთ - რუსეთის.

ისინი დაპირისპირებას ეკონომიკურ ჭრილში განიხილავენ და ლონდონი-მოსკოვის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებზე მსჯელობენ; ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა, საქმე ისე შორს წავიდეს, რომ ბრიტანეთში რუსული აქტივები დაიბლოკოს.

ბრიტანეთში რუსული ელიტის სიმდიდრეზე მთელ მსოფლიოში ლეგენდები დადის. ყველაზე მდიდარი რუსები, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი არიან, თუმცა კიდევ მრავლად არიან რუსი ოლიგარქები, რომლებსაც ლონდონი საკუთარ სახლად მიაჩნიათ. მათ შორის: ელენა ბატურინა, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის 55 წლის მეუღლე, რომელსაც თითქმის 900 მილიონ ფუნტად შეფასებული ქონება აქვს; ანდრეი ანდრეევი - ყველაზე ახალგაზრდა რუსი ბიზნესმენი ლონდონში, რომელიც 44 წლის ასაკში 700 მილიონი ფუნტის ქონებას ფლობს და სხვები...

ალიშერ უსმანოვი მეუღლესთან ერთად

BBC-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "არსენალის" თანამფლობელი ალიშერ უსმანოვია, რომელიც Forbes-ის რუსულ სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, ამავე სიაში, მე-12 ადგილზეა, თუმცა, მისი ბიზნესი ბევრად ფართოა - ის ასევე არის მეტალურგიული კომპანია "ევრაზის" უმსხვილესი აქციონერი, რომლის შტაბ-ბინა ლონდონშია.

კიდევ ერთმა რუსმა ბიზნესმენმა მიხეილ ფრიდმანმა კი 2017 წელს ჯანსაღი კვების ბრიტანული ქსელი Holland & Barrett-ი იყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ცხოვრობენ "მდიდარი რუსი ბავშვები"

ბრიტანეთში რუსები მხოლოდ კერძო ბიზნესით არ შემოიგარფლებიან, იქ სხვადასხვა სახის ინტერესი რუსულ სახელმწიფო კომპანიებსაც გააჩნიათ. კონკრეტულად, "გაზპრომის" ოფისი მანჩესტერშია, 1999 წლიდან კი ლონდონში კომპანიის ტრეიდინგული განყოფილება მუშაობს. 2017 წლის აპრილში, რუსული პრესა "გაზპრომის" მენეჯერებზე დაყრდნობით წერდა, რომ ლონდონის ოფისი გაზის გიგანტის დეფაქტო ევროპულ შტაბ-ბინად იქცა. კომპანიის ხელმძღვანელობას "ბრექსიტის" შედეგები აღელვებდა, რადგან არ იყო ცნობილი, ოფისი ლონდონში დარჩებოდა თუ არა.

მინი-სერიალ "გაიცანით რუსების" პოსტერი, რომელიც ბრიტანულ Fox 25-ზე გადის

ანალიტიკოსები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი რუსული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შემცირებაზეც საუბრობენ. საუბარია, “გაზპრომზე”, “გაზპრომ ნეფტზე”, “როსნეფტზე”, “ლუკოილზე”, “ვითიბისა” და “სბერბანკზე;” ქაღალდებზე ფასების შემცირება, მათზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა. კომპანიები ფასის შემცირების შესაძლო ფაქტორებად გეოპოლიტიკურ რისკებს ასახელებენ.

განსხვავებული მოლოდინი აქვთ რუს სპეციალისტებს. "ურალსიბას” ეკონომისტი, ალექსეი დევიატოვი ამბობს, რომ რამდენიმე ბრიტანულმა კომპანიამ შესაძლოა რუსულთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ ექნება, რადგან "ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში, ორ ქვეყანას შორის გამწვავებული ურთიერთობის კვალდაკვალ, ბიზნეს-ურთიერთობები ვითარდება. ასე რომ, რაღაც რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ...” - წერს ის.

თუმცა, რუსული მედიის ცნობით, “იმ რუსების ნევროზული მდგომარეობა, ვინც ბრიტანეთში ცხოვრობს და სამეფოში აქტივობები აქვს, ჯერ კიდევ ორ ქვეყანას შორის ვითარების გამწვავებამდე დაიწყო...”

საქმე ის არის, რომ 2017 წელს, დიდ ბრიტანეთში რუსი ბინადრების “ფინანსურ ქმედებებთან” დაკავშირებით, კანონი შეიცვალა - ბოლო დროს გახშირებული “გაუგებარი გამდიდრების” გამო, სამართალდამცავ ორგანოებს უფლება ჰქონდათ, იმ პირებთან, ვინც ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობდა, გაერკვიათ ქონების წარმომავლობა, თუ როგორ და რა ვითარებაში შეიძინეს მათ ის. დარღვევის შემთხვევაში, ადგილობრივი ხელმძღვანელობა უფლებას იტოვებს წაართვას მათ უძრავი ქონება.

ამ კანონს “გაუგებარს” უწოდებდნენ რუსები, რადგან ბოლომდე არ იყო გასაგები, თუ რა კრიტერიუმებით მტკიცდებოდა უძრავი ქონების უკანონო შეძენა და რა სახის დოკუმენტებით შეიძლებოდა მისი კანონიერების დამტკიცება... რუსების თქმით, ეს კითხვებს თავიდანვე აჩენდა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი, რა რისკების წინაშე მოუწევთ იმ რუსებს დადგომა, რომელთაც ბრიტანეთში აქტივობები აქვთ, ძნელი სათქმელია. ახლა ყველაფერი ბრიტანეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, - წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, რუსეთს, რომელიც მისგან წასული ადამიანების მოსაშორებლად ყველა ღონეს ხმარობს, ახლა მოუწევს “მოწამლული ფულის გემო” თავად გასინჯოს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე