ავტორი:

"არაადამიანურად მოექცნენ და ეძებენ, ვის შეაწმინდონ ხელი..." - რას ჰყვებიან ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე

"არაადამიანურად მოექცნენ და ეძებენ, ვის შეაწმინდონ ხელი..." - რას ჰყვებიან ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც, არავინ იცის, როდის დაუბრუნდება ნაწამები ქართველის ცხედარი ოჯახს, - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება, ჯერჯერობით ისევ არ ასახელებს მისი ოჯახისთვის გადაცემის თარიღს.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, გაზეთ “21-ე საუკუნის” რედაქტორი, თემურ ცხურბათი, 5 მარტს, გამოცემას ესაუბრა და აცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხედრის გადასვენების დრო ვერ დააკონკრეტეს...

ცხურბათის ცნობით, ამ საკითხის მიმართ ინტერესი ოსურ მედიაშიც დიდია. ბიბილოვის “ხელისუფლების” ცნობით, ოჯახისთვის ცხედრის გადაცემამდე, რუსეთისგან ელოდება ექსპერტიზის პასუხს.

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ამდენი დღის შემდეგ, ექსპერტიზის ჩატარება, სავარაუდოდ, ზუსტ დასკვნას ვერ დადებს. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, სახეცვლილი იქნება როგორც სხეულის გარე, ასევე შინაგანი მონაცემებიც, თუმცა, მოტეხილობის სახე ვერ შეიცვლება და მისი არსებობის შემთხვევაში, ტყვიის კვალიც დადგინდება.

“შინაგანი ორგანოებიდან აღებულია მიკროპრეპარატები. ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ეს პრეპარატები ჩვენ მხარეს გადმოეცეს, მაგრამ უკვე ამდენი დღის გავლის შემდეგ, ექსპერტიზაც რომ ჩატარდეს, შინაგანი ორგანოების ცვლილებების შედეგად, პირვანდელ სურათს ვერ ვნახავთ”, - აცხადებს ექსპერტი "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

კიდევ ერთი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებში ინახება ცხედარი: “გაკვეთამდე და ასევე, გაკვეთის შემდეგ, მიცვალებული, სპეციალურ მაცივარში სპეციალურ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს... სხვა შემთხვევაში, განმეორებით საექსპერტო კვლევა, შესაძლოა, ზუსტი არ იყოს...” - აცხადებს ის.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, ekhokavkaza.com-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალგორის რაიონში სიმშვიდეა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულგრილია ამასთან დაკავშირებით... მისივე თქმით, ცხინვალში, ისევე, როგორც ახალგორში, არ სჯერათ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ე.წ. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის.

“თუმცა, არც ის რომ ამ მკვლელობის უკან ფილიპ ხაჩიროვი (ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი) დგას, ის საერთოდ არ იცნობდა ტატუნაშვილს და მათი ინტერესები არასდროს გადაკვეთილა”, - წერს მეარაყიშვილი.

ის, რომ ბიბილოვის ე.წ. ხელმძღვანელობის ოფიციალური ვერსია სანდო არ არის, ცხინვალშიც კარგად იციან. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მოსახლეობას აშინებს ქართულ საზოგადოებაში ანტიოსური განწყობა, რომელმაც ბოლო დღეებში პიკს მიაღწია.

“როგორც ამბობენ, ძალიან ძლიერი ბიჭი იყო... ფოტოებიც ვნახეთ... იცით რამდენ საფეხურიან კიბეზეა საუბარი? - მაქსიმუმ 7 ან 10... იქ ეს მთასავით ბიჭი კი არა, მოხუციც კი ვერ მიიღებდა სასიკვდილო დაზიანებებს... იციან, რომ გადააჭარბეს, არაადამიანურად მოექცნენ და ეძებენ, ვის შეაწმინდონ ხელი... არ ვიცი, ხაჩიროვები შუაში არიან თუ არა, ეს უფრო ჯიოევის ხელწერას ჰგავს, მაგრამ შეიძლება ამას ხაჩიროვი მართლა გადააყოლონ და მერე თავი იმართლონ, - აი ხომ დავსაჯეთ, მოხსნილიაო...", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, ახლა ცდილობენ დრო გაიყვანონ და ექსპერტიზას კვალი აურიონ:

"მეორე ან მესამე დღესვე რომ გადაეცათ ცხედარი ოჯახისთვის, თითქმის დარწმუნებული ვარ, ტატუნაშვილის დივერსანტობას მთელი ქვეყანა (!) დაიჯერებდა, მაგრამ ახლა, რადგან ასე აჭიანურებენ, ხვდებიან, რომ რაღაცაშია საქმე... რაც შეეხება დივერსიას, აქ რუსეთის სამხედრო ბაზების გარდა, ყველაფერი დაუცველია: სახელმწიფო უწყებები (!), სკოლები, საცხოვრებელი სახლები, ჯარიც კი დაუცველია - სამხედროები იარაღს საყაჩაღოდ აქირავებენ...

თვალყურს ვადევნებთ ქართულ მედიას და სოციალურ ქსელებს და აქ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ძალიან აშფოთებს ის განწყობა, რაც ბოლო დროს ქართველებშია - პირველ რიგში, იმათ ეშინიათ, ვინც სამედიცინო მომსახურებას თბილისში იღებს. თბილისში სამკურნალოდ წასული ადამიანების რაოდენობა, ბოლო დროს ძალიან გაიზარდა... თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პროპაგანდა, რომ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო, ხიდის აფეთქება უნდოდა და მაგის გარდა, რამდენიმე აფეთქებას გეგმავდა - ასევე ეფექტურად მუშაობს..." - ამბობს ცხინვალში მცხოვრები ჩვენთან საუბარში.

თავად ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი ფილიპ ხაჩიროვის თქმით, მის მიმართ ყველა მხრიდან წამოსული ბრალდებები და აგრესია, უსაფუძვლოა.

“მათ შორის, პარტია “ერთიანი ოსეთის” მხრიდან, რომელიც უმოქმედობას მაბრალებს... მეორეს მხრივ, ქართულ მედიაში აგორდა ვერსია, თითქოს მე ვიყავი ამ მკვლელობის მონაწილე, რასაც ინტერნეტში აფეთქება მოჰყვა... სულ ვფიქრობ, ვის რაში სჭირდებოდა ამაში ჩემი გახვევა. მუდმივად მიგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და მემუქრებიან... ჰგონიათ, რომ ამაში ვმონაწილეობდი, არადა, აქ ყველამ იცის, რომ სპეცსამსახურები, რბილად რომ ვთქვათ, სხვა უწყებებს იგნორირებას უკეთებენ...” - თავს იმართლებს ხაჩიროვი.

მისივე თქმით, გასული კვირის პარასკევს, ორ არასრულწლოვან გოგონას, “არსებული დაძაბული ვითარების გამო, მძიმე ნერვული დაზიანებები განუვითარდათ”, სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს, რადგან მათ მშობლებს ცხინვალელმა ექიმებმა მათი იქ დატოვება არ ურჩიეს. მშობლების თქმით, ბავშვებს ეშინოდათ და ტიროდნენ, რადგან ბოლო დღეებში ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელში ქართულ საზოგადოებაში ანტიოსურმა განწყობამ პიკს მიაღწია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი