ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა

ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით გაიმართა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

მათი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება. 

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ, ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართულ არაგეგმურ შეხვედრაზე კონკრეტული პასუხი ვერც ამ ორი პირის გათავისუფლებაზე მიიღო. თუმცა, სუს-ის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დღის ბოლომდე კიდევ შედგება და ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ უფრო კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ. 

ერგნეთში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ტატუნაშვილის და მასთან ერთად დაკავებულების ახლობლებიც გამოჩნდნენ. ისინი ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას, ასევე ქუტაშვილისა და პავლიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები