თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგონას ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას მეზობელმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებზე არაფერი იცის და შემთხვევის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო.
„უწესიერესი ბავშვი იყო, პედაგოგიურზე სწავლობდა. ჩემი მეზობელი იყო, ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ზუსტად არ ვიცი, რა დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. უკონფლიქტო ბავშვი იყო, დაბადებიდან აქ ცხოვრობდა“, - განუცხადა გარდაცვლილის მეზობელმა ჟურნალისტებს.
კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, გოგონა სახლიდან წუხელ გაიყვანეს.
„სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან. მანიაკებითაა სავსე ქალაქი“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მეზობელმა.
ამასთან, მომხდარზე მედიასთან კომენტარი გააკეთა მოკლულის რამდენიმე მეგობარმაც, რომლებიც შემთხვევის მიზეზად გოგონას შეყვარებულთან კონფლიქტს გამორიცხავენ.
"ვიცნობდი, ჩემი კლასელი და მეგობარი იყო. ჰყავდა შეყვარებული, მაგრამ კონფლიქტი არ ჰქონია, შეყვარებულთან კონფლიქტს გამოვრიცხავ", - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა გოგონამ.
21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს დილით იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.