მე-19 საუკუნის ბოლოს, ოლიმპიადის ძველბერძნული ტრადიციების აღდგენისას, ბარონი პიერ დე კუბერტენი იმედოვნებდა, რომ ოლიმპიური თამაშები მშვიდობის და ხალხთა ერთობის სიმბოლო გახდებოდა. თუმცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ოლიმპიადაც და მთლიანად სპორტიც პროპაგანდისა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის მეტად საშიშ იარაღად იქცა...
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტიდან დღეს 46 წელი გავიდა - 1972 წლის 5 სექტემბერი სწორედ ის დღეა, როცა პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "შავი სექტემბერი" (ფატხის რადიკალური, გასამხედროებული ფრთა) შემზარავი ტერაქტი განახორციელა და მიუნჰენის ოლიმპიური თამაშები სისხლიანი ასოებით ჩაწერა არა მარტო სპორტის, არამედ მსოფლიო ისტორიაში.
ტერაქტის იდეა 1972 წლის 17 ივლისს დაიბადა "შავი სექტემბრის" ხელმძღვანელების - აბუ დაუდის, აბუ აიადას და ფაკრი ალ-უმარის შეხვედრაზე რომში, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი უთხრა პალესტინის ახალგაზრდულ ფედერაციას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. "თუ არ გვეძახიან, რა გვიშლის ხელს დაუპატიჟებლად მივიდეთ?!" - ირონიულად იკითხა ფაკრი ალ-უმარიმ და ოლიმპიელების მძევლად აყვანის იდეა წამოაყენა.
"ებრაელებს სუსტი წერტილი უნდა მოვუძებნოთ და ყველაზე ცნობილები გავანადგუროთ. პოლიტიკოსების ხელში ჩაგდება თუ არ გამოგვდის, მაშინ მსახიობები და სპორტსმენები უნდა დავხოცოთ", - დაეთანხმნენ დანარჩენები.
1972 წლის 4 სექტემბერს, მიუნჰენის სისხლიანი ტერაქტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და იდეოლოგმა აბუ დაუდიმ, "შავი სექტემბერის" რვა წევრს ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა:
"გახსოვდეთ, ოპერაცია, რომლისთვისაც თქვენ შეგარჩიეს, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ებრაელები ცოცხლად უნდა ავიყვანოთ. მართალია, თავდაცვის მიზნით თქვენ გაქვთ იარაღის გამოყენების უფლება, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ეს არა მტრების ლიკვიდაცია, არამედ მძევლად აყვანის ოპერაციაა. ძალიან მალე ჩვენ მათ ჩვენს ძმებში გავცლით, რომლებიც ისრაელის ციხეში იტანჯებიან".
ტერაქტი ოლიმპიური თამაშების მეორე კვირას განხორციელდა. 4 სექტემბრის საღამოს, ისრაელის დელეგაცია სპექტაკლს"მევიოლინე სახურევზე" დაესწრო, მიუნჰენის თეატრის ვარსკვლავთან შმულ როდენსკისთან ერთად ივახშმა და ავტობუსით ოლიმპიურ საოფელში დაბრუნდა.
ტერორისტები დილის 4:30-ზე გამოჩნდნენ. სპორტულ ფორმაში გამოწყობილი პალესტინელები, რომელთაც მხარზე იარაღით და ასაფეთქებელით გატენილი ჩანთები ჰქონდათ გადაკიდული, ღობესთან კანადელ და ამერიკელ სპორტსმენებს გადააწყდნენ, რომელთაც ტერორისტები კოლეგა-ათლეტებად მიიღეს და ღობეზე გადაძრომაშიც დაეხმარნენ.
იქვე იყვნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. სწორედ მათ გაიხსენეს, როგორ თავისუფლად აღმოჩდნენ ტერორისტები ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, რომლებმაც ასევე დაბრკოლების გარეშე, მოპარული გასაღებით გააღეს ისრაელის დელეგაციის სახლი და პირველ - მსაჯების და ჩინოვნიკების ოთახს მიადგნენ.
შემთხვევით გაღვიძებულ იოსეფ გუტფროინდს კარს იქით უცნაური ხმა მოესმა და შესამოწმებლედ ადგა. მსაჯმა კარი გააღო და პირდაპირ შეიარაღებულ ტერორისტებს შეეჯახა.
გუტფროინდმა ყვირილით გააღვიძა კოლეგები და მთელი მასით მიაწვა კარს, თუმცა, ტერორისტებმა მაინც მოახერხეს ოთახში შეღწევა. არეულობით ტუვიე სოკოლოვსკიმ ისარგებლა, რომელმაც ფანჯარა ჩაამტვრია და გაიქცა. მოშე ვაინბერგმა ტერორისტებს ფიზიკური ძალა დაუპირისპირა, თუმცა ლოყაში დაჭრეს და ათლეტების ოთახების ჩვენება აიძულეს.
მეზობელ ოთახთან მსაჯმა იცრუა, თითქოს იქ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და იმედით, რომ ძალოსნები ტერორისტებთან გამკლავებას შეძლებდნენ, პირდაპირ მათ ოთახთან მიიყვანა. თუმცა, ათლეტებს ეძინათ, ახალგაღვიძებულები კი, უძლურნი აღმოჩდნენ შეიარაღებული პალესტინელების წინაშე...
ტრაგედიიდან რამდენიმე საათში გერმანულმა მედიამ მსოფლიოს ტერორისტების ლიკვიდაციის და მძევლების განთავისუფლების შესახებ აცნობა. ზუსტად იგივე ინფორმაცია მიიღო ისრაელის მთავრობამ, მძევლების ოჯახებმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 56 წევრმა, რომლებმაც სწრაფად დაშალეს ანტიკრიზისული შტაბი და გულდამშვიდებულები წავიდნენ დასაძინებლად.
სიმართლე მოგვიანებით გამოაშკარავდა: "ტერორისტები კარგად იყვნენ მომზადებული და საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდნენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, ისინი გამოცდილი მებრძოლები აღმოჩნდნენ", - თავი იმართლა მიუნჰენის პოლიციის შეფმა მანფრედ შნაიბერმა.
მეორე დღეს ოლიმპიურ სტადიონზე სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდა, რომელსაც 80 000 ადამიანი, მათ შორის 3 000 ათლეტი ესწრებოდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები ცერემონიაზე არ გამოცხადდა, ათმა არაბულმა ქვეყანამ კი, უარი თქვა დაღუპული ებრაელი სპორტსმენების პატივსაცემად ეროვნული დროშის დაშვებაზე.
ცერემონიას დაღუპული მოშე ვაინბერგის ბიძაშვილი კარმელ ელიაში ესწრებოდა, რომელსაც პირდაპირ სტადიონზე მოუვიდა გულის შეტევა და გარდაიცვალა.
24-საათიანი პაუზის შემდეგ სპორტული შეჯიბრებები განახლდა. თუმცა, საგრძნობლად შეთხელებული გულშემატკივრით. მაყურებელთა ერთმა ჯგუფმა ტრიბუნაზე ბანერიც კი გამოფინა, წარწერით: "17 დაღუპული უკვე დავიწყებულია?", თუმცა, დაცვამ მათ ბანერიც წაართვა და სტადიონიც იძულებით დაატოვებინა.
დაღუპული ტერორისტების ცხედრები მუამარ კადაფის მოთხოვნით ლიბანში გაიგზავნა, სადაც ისინი გმირებად დაკრძალეს. ცოცხლად გადარჩენილები გერმანიის ციხეში აღმოჩდნენ, თუმცა რამდენიმე თვეში პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით, ფატხის წარმომადგენლებმა „ლუფტჰანზას“ თვითმფრინავი გაიტაცეს.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის გატაცება პალესტინელებმა გერმანიის მთავრობასთან ერთად დაგეგმა. ფატხმა საკუთარი მებრძოლები დაიბრუნა, გერმანიამ კი - მის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების არ განხორციელების პირობა მიიღო.
სხვათაშორის, გატაცებული თვითმფრინავით, რომელიც 150 მგზავრს იტევს, მხოლოდ 14 ადამიანი მგზავრობდა, რომელთა შორის არც ქალები იყვნენ, არც ბავშვები.
ტერაქტის ორგანიზატორი და იდეოლოგი აბუ დაუდი პარიზში დააპატიმრეს 1977 წლის იანვარში. ისრაელმა მისი გადაცემა მოითხოვა და გერმანიასაც იგივე ვალდებულება დააკისრა, თუმცა ბავარიის მთავრობამ ისე გააჭიანურა დოკუმენტების მომზადება, რომ საფრანგეთი იძულებული გახდა აბუ დაუდი ალჟირში გაეშვა და თვითმფრინავის ბილეთის თანხაც გადაუხადა.
მძევლების აყვანაში მონაწილეობა აბუ დაუდიმ მხოლოდ 1999 წელს აღიარა, 2010 წელს კი, სირიაში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
სისხლიანი ოლიმპიადის დეტალები იხილეთ Palitranews.ge-ს გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები"