რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა

რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა

სიელმე არ განიხილება მხოლოდ მხედველობის პათოლოგიად - ის ვნებს გარეგნობასაც, ამიტომ მეტად აქტუალურია სიელმის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები, რომელთა შესახებაც გვესაუბრება თბილისის ონკოლოგიის ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი სალომე ახვლედიანი.

- ქალბატონო სალომე, რა არის სიელმე სამედიცინო თვალსაზრისით?

- თვალის კაკლის ნორმალური მდებარეობა გულისხმობს შორეული ობიექტის ფიქსაციისას მხედველობითი ღერძების პარალელურ მდებარეობას, ხოლო ახლომდებარე ობიექტის ფიქსაციისას - მათ გადაკვეთას. სიელმე თვალის კაკლის მხედველობითი ღერძის ნორმიდან გადახრაა. სიელმე არ არის მხოლოდ ესთეტიკური სტიგმა. ის თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის შეუქცევად დარღვევას იწვევს.

- რა იწვევს თავად სიელმეს?

- სიელმის განვითრებაში ბრალი მიუძღვის არაერთ ფაქტორს. მათგან უპირატესია:

გენეტიკური ფაქტორი - სტრაბიზმის მქონე ბავშვების 60%-ს აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი;

არაკორეგირებული რეფრაქციული ანომალიები, მაგალითად, მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ფუზიის დაქვეითება - ანიზომეტროპია, ანიზოკონია;

მხედველობის ცალმხრივი დაზიანება თვალის სხვადასხვა დაავადების დროს - თანდაყოლილი კატარაქტა, გამჭვირვალობის დაქვეითებით მიმდინარე რქოვანას დაავადებები, მაღალი ხარისხის მიოპია, ცვლილებები მაკულურ არეში, დღენაკლულ ბავშვთა რეტინოპათია და სხვა;

დღენაკლულობა, ასფიქსია, ქალა-ტვინის ტრავმა, ენცეფალიტი.

- როგორ ვლინდება სიელმე?

- ყოველგვარი ტიპის სიელმის ძირითადი კლინიკური ნიშანია თვალის გადახრა მხედველობითი ღერძიდან. გადახრა შეიძლება იყოს მუდმივიც და გარდამავალიც. ამ დროს პაციენტი შეიძლება უჩიოდეს მხედველობის გაორებას, თავის ტკივილს, ბინოკულარული მხედველობის მოშლას.

- სიელმის რამდენი ფორმა არსებობს?

- სიელმის ტიპების დაჯგუფება შეიძლება სხვადასხვა ნიშნით:

მხედველობითი ღერძიდან გადახრის მუდმივობის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს - ჰეტეროტროპიას და ჰეტეროფორიას, მარტივად რომ ვთქვათ - გამოხატულ სიელმეს და ფარულ სილმეს.

გადახრის მიმართულების მიხედვით - გარეთა, შიგნითა, ზემოთა, ქვემოთა სიელმეს, აგრეთვე ციკლოტროპიას.

გამოხატული ანუ მუდმივი სიელმე, თავის მხრივ, შეუღლებულ და პარალიზურ ფორმებად იყოფა. შეუღლებული ფორმა უმთავრესად გვხვდება ახალშობილებსა და ბავშვებთან, პარალიზური - უმთავრესად ზრდასრულებთან. პროცესი შეიძლება მოიცავდეს ერთ ან ორივე თვალს. ცალკე გამოყოფენ ფსევდოსიელმეს, რომელიც სახის ანატომიურ თავისებურებას წარმოადგენს (მაგალითად, ცხვირის

ფართო ზურგი ან/და ეპიკანთუსი).

- რა ასაკში იჩენს თავს სიელმე?

- ნებისმიერ ასაკში. მაგალითად, შეუღლებული სიელმე შესამჩნევი ხდება 6 წლამდე, ათიდან 7 შემთხვევაში - 2 წლამდეც კი, ხოლო პარალიზურმა ფორმამ შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი.

- თუ სიელმე შევამჩნიეთ, როდის უნდა ვაჩვენოთ ბავშვი ექიმ ოფთალმოლოგს?

- დაუყოვნებლივ. მხოლოდ ოფთალმოლოგს შეუძლია დაადგინოს სიელმის ტიპი და დააკვირდეს დარღვევის დინამიკას, რის მიხედვითაც შემდგომი მოქმედების ტაქტიკას შეარჩევს. მკურნალობის ეფექტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, დროულად მივიყვანთ თუ არა ბავშვს ექიმთან, დროულად დაიწყება თუ არა მკურნალობა და ზედმიწევნით შეასრულებს თუ არა მშობელი დანიშნულებას.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- ტარდება სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ციკლოპლეგიით და ციკლოპლეგიის გარეშე, მოწმდება კუნთების ბალანსი, ტარდება სხვადასხვა ტესტი. მდგომარეობისამებრ, მკურნალობაში, შეიძლება ჩაერთონ სხვა სპეციალისტებიც - ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი...

- რამდენად ეფექტურია ვარჯიშები სიელმის დროს?

- ვარჯიშები ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავადგენთ სიელმის მიზეზს და გავაკეთებს ყველაფერს მის აღმოსაფხვრელად. ვარჯიშების სპეციალურ კომპლექსს, ინტენსივობასა და ჯერადობას ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

- როგორ მკურნალობენ სიელმეს? როდის დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

- თავდაპირველად ვნიშნავთ სათვალეს, თვალის ახვევას, ვარჯიშებს, ვატარებთ პირველადი ოფთალმოლოგიური და ზოგადი სომატური დაავადებების მკურნალობას. თუ ყველაფერი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მივმართავთ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს.

სიელმის თავისებურებებსა და კორექციის მეთოდებზე გვესაუბრება აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, თვალის კლინიკა "ოპტიმედის" ხელმძღვანელი, ოფთალმოლოგიის მრავალენოვანი განმარტებითი ლექსიკონის, მხედველობის ორგანოს დაავადებათა დიფერენციალური დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს ავტორი, პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე:

- რას წარმოადგენს სიელმე და როდის ვლინდება ის?

- სიელმე არის თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების დისჰარმონია ანუ ჰარმონიული მოძრაობის დისბალანსი, როდესაც თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას. ეს შემაწუხებელია არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. როცა სიელმე ადრეულ ასაკში ვლინდება, საჭიროა მისი დროული კორექცია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კოსმეტიკური დეფექტია, არამედ იმიტომაც, რომ სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზადაც კი იქცეს. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი სიელმე. თანდაყოლილი სიელმე ყოველთვის დაბადებისთანავე არ ვლინდება - ზოგჯერ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგაც კი იჩენს თავს. განასხვავებენ აგრეთვე შეუღლებულ (შერწყმულ) და პარალიზურ სიელმეს. პარალიზურია სიელმე, რომელიც განპირობებულია ერთ-ერთი თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზით ანუ დაზიანებით. ეს პარალიზური სიელმეც, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი სიელმის განვითარება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი. ის უმეტესად პარალიზურია და ხანში შესულ ადამიანებში უმეტესად დიაბეტი იწვევს. ასეთ დროს მკურნალობის ტაქტიკა ძალზე თავისებურია. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი აღვნიშნავ, რომ ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება და, რაც მთავარია, თვალის პათოლოგიათა და მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს შეუღლებული (შერწყმული) სიელმე. ის ყოველთვის საჭიროებს დროულ კორექციას.

- ბრძანეთ, რომ პარალიზური სიელმის მიზეზი უმეტესად დიაბეტია. დიაბეტის მძიმე გართულებათა შესახებ ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაბეჭდილა. იქნებ განუმარტოთ მკითხველს, რა მექანიზმით განაპირობებს დიაბეტი სიელმის განვითარებას.

- მოგეხსენებათ, დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა მიკროანგიოპათია - წვრილი სანათურის მქონე სისხლძარღვების დაზიანება. ეს პათოლოგიური პროცესი ვითარდება ყველგან, სადაც კი წვრილი სისხლძარღვები გადის, მათ შორის - ტვინშიც, კერძოდ, ტვინის იმ უბნებში, სადაც თვალის მამოძრავებელი ნერვების ბირთვები მდებარეობს. სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო დასახელებულ ნერვთა ბირთვები ზიანდება, რის შედეგადაც ვიღებთ თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზს ანუ დამბლას. ასეთ დროს უმეტესად გამზიდველი ნერვი ზიანდება და თვალის კაკალი კარგავს უნარს, გადაიხაროს გარეთ, საფეთქლისკენ; თვალის კაკალი შიგნით არის გადახრილი, რადგან ჭარბობს

იმ კუნთის ტონუსი, რომელიც მას შიგნით გადახრას აიძულებს. დიაბეტით გამოწვეული პარალიზური სიელმის დროს მკურნალობის ტაქტიკა ასეთია: ნევროპათოლოგთან შეთანხმებით ვნიშნავთ სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს და ვაკვირდებით, როგორი იქნება თვალის კაკლის გასწორების ტენდენცია. თუ ეს ტენდენცია შეინიშნება და, რაც მთავარია, დიპლოპია ანუ მხედველობის გაორება სუსტად არის გამოხატული, ვაგრძელებთ მედიკამენტურ მკურნალობას. მით უფრო, რომ დიაბეტით დაავადებული პაციენტები ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გამო აქტიური ქირურგიული ჩარევისგან ხშირად თავს იკავებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ პარალიზური სიელმის გასწორება ძალიან რთულია, არა ქირურგიული თვალსაზრისით, - დღეს კუნთებზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს, - არამედ პათოლოგიის წმინდა ეტიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე. ამრიგად, თუ დიპლოპია მკვეთრად არ არის გამოხატული და ასატანია, დიაბეტიან პაციენტებს უგრძელდებათ მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ თუ არავითარი ძვრა არ შეინიშნება, თვალის კაკალი ისევ ისეა გადახრილი და, რაც მთავარია, დიპლოპია ანუ გაორება ძალზე შემაწუხებელია, დაისმის სიელმის ქირურგიული კორექციის საკითხი. როგორც მოგახსენეთ, სიელმის დროს ხშირად გამოხატულია დიპლოპია - მხედველობის გაორება. ეს არის პათოლოგია, რომლის დროსაც განსახილველი ობიექტი გაორებული ჩანს. ის მეტისმეტად შემაწუხებელია, ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ადამიანი იძულებული ხდება, დაიფაროს ის თვალი, რომელიც გადახრილი აქვს, ანუ მონოკულარულ - ცალი თვალით - მხედველობაზე გადავიდეს. სწორედ ასეთ შემთხვევაში, როცა ფარმაკოლოგიური კორეგირების თვალსაზრისით არავითარი ეფექტი არ შეინიშნება, ინიშნება ქირურგიული ჩარევა.

- სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად სიელმის განვითარების მექანიზმი გასაგებია. კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგია?

- საყოფაცხოვრებო, საწარმოო ან სპორტულმა ტრავმამ. მე მყავდა ერთი პაციენტი, ცნობილი მოკრივე, რომელსაც ერთ-ერთი ბრძოლის დროს თვალბუდის არეში მიღებული ტრავმის შედეგად სიელმე განუვითარდა. სახელდობრ, მუშტის დარტყმის შედეგად ჭაღი დაუზიანდა. ჭაღი თვალბუდის ზედა ნაწილში ძვლოვანი ზედაპირიდან წინ წამოწეული ნაწილია. მასში ზედა ირიბი კუნთის მყესი გადის. ჭაღის დაზიანების გამო მყესი გაწყდა, ამან კი სიელმე გამოიწვია. უნდა ითქვას, რომ ტრავმის შედეგად განვითარებული სიელმე ზოგჯერ იმდენად შესამჩნევი არ არის, რამდენადაც შემაწუხებელია. ამაშიც დიპლოპიას მიუძღვის ბრალი. ადამიანი იძულებულია, თავი იძულებით ეკავოს ისეთ პოზაში, რომელშიც დიპლოპია არ ვლინდება, ეს კი დისკომფორტს უქმნის, იწვევს კისრის ტკივილს, დაჭიმულობას... არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მახვილ საგანს ჩამოეგება და თვალი უზიანდება. მაგალითად, მყავდა ერთი პაციენტი, ბავშვი, რომელსაც სიმინდის ტარო შეუვარდა თვალში და გარეთა სწორი კუნთი დაუზიანა. მეორე პაციენტს თხილამურებით სრიალის დროს თვალში თხილამურის ჯოხი მოხვდა და თვალის კაკალმა ძლიერი როტაცია განიცადა (მობრუნდა). საზოგადოდ, თვალის ნერვს ორბიტაში შ-ის ფორმა აქვს, რათა თვალის კაკლის ტრიალისას არ დაიჭიმოს. ამ შემთხვევაში ტრავმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მხედველობის ნერვი მოწყდა და მხედველობა საერთოდ დაკარგა. ასეთი თვალი, როგორც წესი, გარეთ გადაიხრება. ეს მხედველობის არარსებობით გამოწვეული სიელმეა. რაც უფრო ადრეულ ასაკში მიიღებს ადამიანი ასეთ ტრავმას, მით უფრო ადრე უვითარდება სიელმე. ხანში შესულ პაციენტებში, მიუხედავად მხედველობის დაკარგვისა, თვალის გადახრა იშვიათია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც გლაუკომის გამო ადამიანი ცალ თვალში მხედველობას კარგავს, მაგრამ თვალის კაკალი გადახრას არ განიცდის. ალბათ იცით პათოლოგია კატარაქტა, იგივე ბროლის შემღვრევა - ამ დროს თვალი გადაიხრება, მაგრამ ოპერაციული ჩარევისა და მხედველობის აღდგენის შემდეგ სიელმეც სწორდება.

- თანდაყოლილი სიელმის მიზეზებზე რას გვეტყვით? დაბადებიდან რამდენი ხნის შემდეგ ვლინდება ის უმეტესად?

- თანდაყოლილი სიელმე მეტად მრავალფეროვანია. რაც შეეხება ეტიოლოგიას - მულტიფაქტორულია, ანუ მის ჩამოყალიბებაში მრავალი ფაქტორი ასრულებს ამა თუ იმ როლს: როგორ ჩაიარა მშობიარობამ, იყო თუ არა ჭიპლარის შემოხვევა და სხვა. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ტერატოგენული ფაქტორი, რომლებიც ჩასახვიდან სამი თვის განმავლობაში გავლენას ახდენს მხედველობის ანალიზატორის ჩამოყალიბებაზე და შესაძლოა, სიელმეს მისცეს დასაბამი. ამ ფაქტორთა გავლენით თვალის მამოძრავებელი ნერვების ბირთვების არეში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ვითარდება იშემია, ხდება სისხლჩაქცევა, რის გამოც შესაბამისი კუნთები ფუნქციას კარგავს. შესაძლოა, სიელმის მიზეზი იყოს ბირთვების აპლაზია ანუ განუვითარებლობა და სხვა. აქედან გამომდინარე, თუ არ მოხდა პათოლოგიური პროცესის შეჩერება, უკუგანვითარება, საკუთრივ ორგანიზმში არსებული აღდგენითი მექანიზმების მობილიზება და ჩართვა, მიუხედავად თანამედროვე ფარმაკოლოგიურ საშუალებათა და ქირურგიულ მეთოდიკათა დიდი არსენალისა, თანდაყოლილი სიელმის მრავალი ფორმის კორექცია ძალიან რთულია.

- რას ნიშნავს შეუღლებული სიელმე? რით განსხვავდება ის სხვა ფორმებისგან?

- შეუღლებული სიელმე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის სამი წლის ასაკიდან ვლინდება. განპირობებულია ბინოკულარული (ორი თვალით) მხედველობის ფუნქციის მოშლით. ახასიათებს თვალის კაკლების მოძრაობის შეუზღუდაობა, გადახრის პირველადი და მეორეული კუთხეების ტოლობა და დიპლოპიის არარსებობა. ხშირია ალტერნაციული ფორმა ანუ ორმხრივი სიელმე, რომლის დროსაც შეინიშნება თვალების მონაცვლეობითი გადახრა - იმის შესაბამისად, რომელი თვალია მოცემულ მომენტში ობიექტის მაფიქსირებელი. უფრო მარტივად რომ განვუმარტოთ მკითხველს, ამ დროს ხან ერთი თვალია გადახრილი, ხან მეორე. როდესაც ასეთი ბავშვი მოჰყავთ, აუცილებლად გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ თვალის რეფრაქცია - სინათლის სხივების გარდატეხის უნარი, გავარკვიოთ, ხომ არ სჭირდება ბავშვს სათვალე, რადგან სიელმე ხშირად შორსმხედველობასთან ან ახლომხედველობასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, თვალის გარეთ გადახრა ხშირად ახლომხედველობას ანუ მიოპიას უკავშირდება (ასეთ დროს საუბრობენ ეგზოტროპიაზე), შიგნითა სიელმე კი შორსმხედველობასთან არის შეუღლებული (ეს ეზოტროპიაა). თვალის რეფრაქციის გამოკვლევის შემდეგ პაცინეტს სათვალე უნდა დაენიშნოს. თუ სათვალის ხმარებისას თვალი გასწორდა (ხშირად ასეც ხდება), უმჯობესია, ქირურგიული ჩარევისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ თუ უკეთესობა არ შეინიშნება, უნდა ჩატარდეს ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა სასურველია სკოლამდელ ასაკში, არა მარტო იმიტომ, რომ სიელმე როგორც კოსმეტიკური დეფექტი სტრესოგენული ფაქტორია და სკოლაში წასვლის შემდეგ ის შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს ფსიქოლოგიური თუ სხვა ფაქტორების გავლენით, არამედ იმიტომაც, რომ მხედველობის დარღვევა შეიძლება უფრო მეტად გართულდეს.

- რაში მდგომარეობს ოპერაციის არსი? როგორია ქირურგიული ჩარევის ტაქტიკა სიელმის დროს?

- მარტივად რომ ავხსნათ, თუ სიელმის დროს თვალის კაკალი გადახრილია შიგნით, ის გარეთ უნდა მოვზიდოთ და პირიქით. იმისთვის, რომ თვალის კაკალი გარეთ მოვზიდოთ, მისი გარეთ გამზიდველი კუნთი უნდა გავაძლიეროთ ან, პირიქით, შიგნით მიმზიდველი კუნთი შევასუსტოთ. ამისთვის არსებობს რეცესია - სიელმის საკორექციო ერთ-ერთი ოპერაცია, რომლის დროსაც თვალის ერთ-ერთი გარეთა კუნთის სკლერაზე მიმაგრების ადგილს უკან გადავწევთ ამ კუნთის ფუნქციის შესასუსტებლად. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რეზექცია - სიელმის საწინააღმდეგო ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს თვალის მამოძრავებელი რომელიმე კუნთის ფუნქციის გაძლიერებას ამ კუნთის ნაწილის ამოკვეთის (რეზექციის) გზით.

ლალი ჩხიკვაძე

www.mkurnali.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი