დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა ვიცოდეთ სასწაულმოქმედი წმინდანის შესახებ

დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა ვიცოდეთ სასწაულმოქმედი წმინდანის შესახებ

19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე აღინიშნება მართლმადიდებელი ეკლესია  საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.

მცირე აზიაში, ლიკიის ქალაქ პატარში მცხოვრებ ღვთისმოშიშ ქრისტიანებს - თეოფანეს და ნონას ნანატრი შვილი შეეძინათ და მას ნიკოლოზი უწოდეს. ღმერთმა სიყრმიდანვე ამოირჩია თავისი მსახური და ნიშ-სასწაულებით განამხნევა. ამბობენ, ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი სამი საათი იდგა ემბაზში. იმასაც ამბობენ, მხოლოდ მარჯვენა ძუძუდან ჭამდა რძეს და ამით თითქოს მიანიშნებდა, რომ უფლის მარჯვენით დაჯდებოდა. ოთხშაბათ-პარასკევს დღეში ერთხელ წოვდა ძუძუს, ისიც - საღამოს, მას შემდეგ, რაც მშობლები ჩვეულებისამებრ ილოცებდნენ ხოლმე. გამორჩეული იყო წმინდა ნიკოლოზის ყრმობაც და ჭაბუკობაც. ამა სოფლის ყოველგვარ საცთურს განეშორებოდა და მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა. სწორედ ამ დიდსულიერების გამო ჯერ კიდევ ახალგაზრდას ბიძამისმა, პატარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მღვდლად დაასხა ხელი და როცა წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა, თავისი სამწყსოც კი ჩააბარა. ბიძის დაბრუნების შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა თვითონ მოისურვა იერუსალიმის მოლოცვა. შესაძლოა, ეს საბაბიც იყო, რომ ამქვეყნიურ დიდებას განრიდებოდა; ყველა მას აქებდა და ფიქრობდნენ კიდეც, ბიძამისის სიკვდილის შემდეგ ის ყოფილიყო პატარის მღვდელმთავარი. კარგა ხანს იყო იერუსალიმში, მერე კი, როცა უდაბნოში განმარტოება გადაწყვიტა, ღვთის ხმამ შეაჩერა: - ნიკოლოზ, თუ გსურს გვირგვინით შეგამკო, წადი და სოფლის სიკეთისთვის იღვაწეო. ნათქვამმა შეაძრწუნა - რას ნიშნავდა ესო. ამ დროს კვლავ გაისმა უფლის ხმა: - ეგ არ არის ის ყანა, სადაც შენ ჩემთვის სასურველი ნაყოფი უნდა მოიწიო, არამედ წარვედ სოფელში, რათა განიდიდოს შენ მიერ ჩემი სახელიო. მიხვდა წმინდა ნიკოლოზი, რომ უნდა დაეტოვებინა მყუდროება და ხალხის დასახმარებლად სოფელში წასულიყო. თავის ქალაქში ყველა იცნობდა, ამიტომაც ლიკიის ქალაქ მირონში დასახლდა, როგორც ერთი გლახაკთაგანი. დღედაღამ ტაძარში იყო, არ ჰქონდა ადგილი, თავი რომ მიედრიკა.

ერთხელ, ღამით, წმინდა ნიკოლოზმა სიზმარი ნახა: მას მაცხოვარმა თვალ-მარგალიტით შემკული სახარება გადასცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - სამღვდელმთავრო ომოფორი. მალე ლიკიის მღვდელმთავარი გარდაიცვალა და მთავარეპისკოპოსის გამოსარჩევად ლიკიის ეპისკოპოსნი შეიკრიბნენ. ამომრჩევლებს შორის უთანხმოება რომ დაინახეს, გადაწყვიტეს, მარხვით და ლოცვით შეეტყოთ ღვთის ნება. ერთ-ერთ მათგანს, ასაკით უფროს ეპისკოპოსს, ღმერთმა უბრძანა, წასულიყო ღამით ეკლესიაში და ტაძარში პირველმოსული აერჩიათ მღვდელმთავრად. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ადრიანად წავიდა ტაძარში ცისკრის ლოცვაზე, სადაც მას ხსენებული ეპისკოპოსი დახვდა და სხვა მღვდელმთავრებს წარუდგინა. "ნიკოლოზ, შენ მიერ მიღებული მღვდელმთავრის ხარისხი სხვანაირ ცხოვრების წესს მოითხოვს - უნდა იცხოვრო სხვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის", - თქვა თავისთვის წმინდა ნიკოლოზმა და უფრო გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. სამოსი მისი უბრალო იყო, საჭმელი - სამარხვო. ობლებისთვის მამა გახლდათ, ქვრივთათვის - შემწე, მტირალთათვის - ნუგეშისმცემელი, გლახაკთა განმკითხავი. გამოირჩია ორი ბრძენი კაცი, რომლებიც მას ღვთისაგან მინდობილი ეკლესიის მართვაში ეხმარებოდნენ. როცა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, სხვებთან ერთად საპყრობლეში წმინდა ნიკოლოზიც ჩასვეს. ციხეში მცირე ხანი გაატარა და ამხნევებდა იქ ჩამწყვდეულ ქრისტიანებს. ჯვრის ძალით მტერზე გამარჯვებულმა წმინდა კონსტანტინემ ქრისტიანები გაათავისუფლა. წმინდა ნიკოლოზიც თავის სამწყსოს დაუბრუნდა. საღმრთო მოშურნეობით აღვსებულმა მღვდელმთავარმა ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ არტემიდას დიდი ტაძარი საძირკვლიანად დაანგრია. მისი მოშურნეობის ამსახველია ნიკეაში მომხდარი ამბავი. იქ შეკრებილმა I მსოფლიო კრების მამებმა დაგმეს არიოზის ცრუ სწავლება, მაგრამ ვერ დაადუმეს ღვთისმგმობი არიოზი. მაშინ წმინდა ნიკოლოზმა სილა გააწნა ერესიარქს, რისთვისაც ეკლესიის მამები გაუწყრნენ და მისთვის მღვდელმთავრის ხარისხის ჩამორთმევა გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე მღვდელმთავარს ჰქონდა ხილვა - უფალმა მათ განუცხადა, რომ მისთვის სათნო იყო წმინდა ნიკოლოზის კადნიერება.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული მოახდინა, მისი ღვთაებრივი ნექტარით აღსავსე ქადაგებებიდან, სამწუხაროდ, ერთიც კი არ შემორჩენილა.

უფლისა და მოყვასის სიყვარულით განვლო ცხოვრება, მიაღწია ღრმა სიბერეს და ღვთის სასუფეველში განისვენა. მისი წმინდა სხეულიდან დადენილ მირონთან მიახლებით განიკურნებოდნენ ლიკიელი ქრისტიანები. ღვთის განგებულებით, 1087 წელს ის მირონიდან იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს და წმინდა ნიკოლოზმა დასავლელ ქრისტიანებში თავისი სასწაულმოქმედებით განადიდა უფლის სახელი. ახლაც, მრავალი წლის შემდეგ, წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან კვლავ მოედინება წმინდა მირონი, რომელიც სულიერად განაძლიერებს ჩვენი დროის ქრისტიანებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია