პენტაგონი რთული დავალებების შესრულებას ანდროიდებს დაავალებს

პენტაგონი რთული დავალებების შესრულებას ანდროიდებს დაავალებს

პენტაგონის პერსპექტიული კვლევების სააგენტომ მორიგი ამბიციური პროექტი წამოიწყო. ამჯერად აშშ-ის სამხედრო უწყება რობოტებით დაინტერესდა, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონაში ადამიანების ნაცვლად იმუშავებენ. შესაბამისად, რობოტებმა უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა, სხვადასხვა სამუშაო იარაღების მოხმარება და ავტომობილის მართვაც კი უნდა იცოდნენ.

ახალ პროგრამას DARPA Robotics Challenge ჰქვია. ოფიციალური ინფორმაციით, ის ამერიკის თავდაცვის უწყების სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ნაციონალური სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ხორციელდება. ამერიკელი სამხედროების ჩანაფიქრით, მიწისძვრების, წყალდიდობების, ტექნოგენური კატასტროფების, ბირთვულ და ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე ავარიების დროს ანდროიდებმა (ადამიანისებრი რობოტი) ადამიანი სრულად უნდა ჩაანაცვლონ. ამიტომაც მოძრაობის უნარით გამორჩეულ რობოტს მრავალი ოპერაციის შესრულება უნდა შეეძლოს. გარკვეულ დონეზე მას მოქმედება დამოუკიდებლად, ოპერატორის ჩარევის გარეშეც უნდა შეეძლოს.

პროგრამა DARPA Robotics Challenge სამი ეტაპისგან შედგება. ყველა მათგანზე გამარჯვებული კონკურსის გზით გამოვლინდება. ანდროიდების პრაქტიკული შესაძლებლობების შეფასება სპეციალურ პოლიგონზე მოხდება. „კონკურსანტი“ შემთხვევის ადგილას, წინააღმდეგობებისთვის გვერდის აქცევით სატრანსპორტო საშუალებით უნდა მოვიდეს. შემდგომ ადგილი დამოუკიდებლად დაათვარიელოს და შენობაში შესასვლელი სამშენებლო ნაგვისგან (მათი წონა 5 კგ-ზე მეტი არ იქნება) გაწმინდოს. შენობაში შესულმა მექანიკური იარაღებით ბეტონის და რკინის კონსტრუქციებში გზა უნდა გაიკვლიოს.

ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეთა რიცხვი არც ისე დიდია. სპეციალისტთა აზრით, გამარჯვების საუკეთესო შანსები რობოტ Atlas-ს აქვს. 150 კგ-იანი Atlas-ის ავტორებს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით რამდენიმე რობოტი უკვე აქვთ შექმნილი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ კომპანია Boston Dynamics-ის წარმატება სწორედ ამ გარემოებამ განაპირობოს. თუმცა Atlas-ს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. მას ელექტროენერგია სადენებით მიეწოდება. სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისას კი ამ ფაქტორმა რობოტის მობილურობაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

კონკურსში აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრიც მონაწილეობს. მისი პროექტი R2-ია (Robonaut 2), რომელიც სპეციალურად კოსმოსში სამოქმედოდ შეიქმნა. 2011 წელს მან საერთაშორისო ორბიტულ სადგურზეც იმოგზაურა. თუმცა, სავარაუდოდ, პროგრამა DARPA Robotics Challenge-ის და გამოცხადებული კონსკურსის პირობების სპეციფიკიდან გამომდინარე, ავტორებს R2-ის გადაკეთება მოუწევთ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე