ავტორი:

პროფესიული განვითარების ასოციაციამ პირველი საგანმანათლებლო ფორუმი გამართა

პროფესიული განვითარების ასოციაციამ პირველი საგანმანათლებლო ფორუმი გამართა

პროფესიული განვითარების ასოციაციამ, Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure-ში, პირველი საგანმანათლებლო ფორუმი გამართა. ფორუმზე, ასოციაციის წევრმა, სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა, აბიტურიენტებს საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარეს და მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და დასაქმებადი პროფესიები გააცნეს.

პროფესიული თვითგამორკვევის საგანმანათლებლო ღონისძიება შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ფიზიკოსმა - ირმა მგელაძემ გახსნა, რომელიც საკუთარი საავტორო სახელმძღვანელოებით შვეიცარიის უმაღლეს გიმნაზიაში ასწავლის. ფიზიკოსმა, დამსწრე აუდიტორიას ევროპული სწავლების პრიორიტეტული მიდგომები გააცნო და ფიზიკის სფერო მოზარდებს დაანახა, როგორც მეცნიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დარგებში. ირმა მგელაძემ მოსწავლეები პლანეტების სამყაროშიც ამოგზაურა და ფიზიკა გააცნო, როგორც სამყაროს შესწავლის მთავარი საშუალება. სკოლის მოსწავლეებმა იხილეს, თუ რა საოცარ მოდულებს ქმნიან ფიზიკოსები, როგორ უშვებენ რობოტებს კომეტაზე დასაჯდომად და რა გზებით ხდება ახალი, რევოლუციური აღმოჩენები.

ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებზე მოხსენება გააკეთა, სემეკის თავმჯდომარემ, თსუ-ს პროფესორმა დავით ნარმანიამ, რომელმაც მოზარდებს სიღრმისეულად აუხსნა, თუ რატომ შეიძლება ისწავლონ ეს სფეროები და სად შეიძლება დასაქმდნენ მომავალში. სიტყვით გამოვიდა ასევე, უზენაესი სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე თამარ ოქროპირიძე, რომელმაც მომავალ სტუდენტებს საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა და სასამართლოს სპეციფიკაც სულ სხვა კუთხით დაანახა.

მომავლის პროფესიებზე ისაუბრეს: სქილვილის დირექტორმა ლანა ჩხარტიშვილმა და MinDoor-ის თანადამფუძნებელმა ნინო ბერუაშვილმა. ალტებრიჯ უნივერსიტეტის რექტორმა და თანადამფუძნებელმა ნათია გოცაძემ კი, ახალგაზრდებს საკუთარი უნივერსიტეტის პროგრამები გააცნო, რის შემდეგაც სახალისო ფსიქოლოგიური ტესტები და ინტელექტუალური გათამაშებები მოაწყო. სპიკერებს შორის ასევე იყვნენ: ტრანსფორმაციის ქოუჩი ნატალია სტრედომ, სამართალი ტექნოლოგიებში დოქტორი ნინო ჯოლია, ასოციაციის მთავარი მხარდამჭერი, უნივერსალური ცოდნის აკადემიის დამფუძნებელი მზია მამაგულაშვილი, კომპანია ორსონის დამფუძნებელი ლელა გოჩიტაჭვილი და რეგიონალური წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა, განათლების სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილი, რომელმაც პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფორუმს ესწრებოდნენ: თბილისის, გორისა და გარდაბნის სკოლის მოსწავლეები, დირექტორები, პედაგოგები და მშობლები. პროფესიული განვითარების ასოციაცია 2023 წელს, პროფესიით ჟურნალისტებმა და ანტრერპრენერებმა: ნუცა ბახტაძემ და მარიამ პაკაცოშვილმა დააფუძნეს, რომელთა მიზანს, მოზარდების პროფესიული კუთხით თვითგამორკვევაში დახმარებას წარმოადგენს. როგორც, ჩვენთვის ცნობილია, პროფესიული თვითგამორკვევის საგანმანათლებლო ფორუმები მალე საქართველოს მასშტაბით, რეგიონებშიც ჩატარდება.