ავტორი:

სკოლაში ჰიჯაბის გამო დაწყებული დაპირისპირება დიდ სკანდალად იქცა: დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მოსწავლეს კი ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებენ - რა მოხდა საფრანგეთში?

სკოლაში ჰიჯაბის გამო დაწყებული დაპირისპირება დიდ სკანდალად იქცა: დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მოსწავლეს კი ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებენ - რა მოხდა საფრანგეთში?

საფრანგეთის მთავრობა თინეიჯერ გოგონას ცრუ ბრალდებისთვის უჩივის. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ გოგონამ მასწავლებელს ცრუ ბრალდება წაუყენა და მას ისლამური თავსაბურავის ტარებისთვის ხელის დარტყმა დააბრალა. სკოლის დირექტორი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მოსწავლეს სკოლის შიგნით თავსაფარი მოეხსნა, როგორც ამას საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

სკოლის დირექტორმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სოციალურ ქსელში შეტყობინებები მიიღო, სადაც მკვლელობით ემუქრებოდნენ. საფრანგეთის სკოლები ისლამისტურ საფრთხეს სერიოზულად მას შემდეგ იღებენ, რაც ორი მასწავლებელი სასტიკად იქნა მოკლული. სამუელ პატი 2020 წელს პარიზის გარეუბანში დაანაწევრეს, დომინიკ ბერნარი კი საკუთარ სკოლაშივე მოკლეს.

პარიზის სკოლის დირექტორმა, რომლის სახელიც არ გახმაურებულა, თავისი გადაწყვეტილება კოლეგებს ელექტრონული წერილით შეატყობინა: "საკუთარი თავისა და დაწესებულების უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თანამდებობა დავტოვო." მან წერილის ბოლოს კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.

ინციდენტი 28 თებერვალს მოხდა. სკოლის ხელმძღვანელმა სამ მოსწავლე გოგონას უთხრა, რომ კანონს უნდა დამორჩილებოდნენ და თავსაბურავი მოეხსნათ. მოთხოვნას ორი მათგანი დაემორჩილა, მესამემ კი უარი განაცხადა და შედეგად, ჩხუბი მოხდა. მომდევნო დღეებში დირექტორს სოციალურ ქსელებში მოკვლის მუქარები გაუგზავნეს, რის შესახებაც სკოლამ შსს-ს აცნობა.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ მოკვლის მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ ვინაობას სამინისტრო არ ამხელს, თუმცა აცხადებენ, რომ ბრალდებულებს სკოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

ოფიცრებმა ვერ იპოვეს იმის მტკიცებულება, რომ ხელმძღვანელმა გოგონას მართლაც დაარტყა ხელი და საქმეში ახლა პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალიც ჩაერია. მისი თქმით, ისინი გოგონას ცრუ ბრალდების გამო სასამართლოში დაიბარებენ.

მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკოსებმა ერთხმად გამოხატეს აღშფოთება იმის გამო, რომ პატივცემული მასწავლებლის 45-წლიანი კარიერა ინტერნეტში სიძულვილის კამპანიით უნდა დასრულებულიყო: "ეს სახელმწიფოს დამარცხებაა" - აცხადებდა მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელი მარიონ მარეშალი.

ამ ამბისგან განცალკევებით, პარიზის რამდენიმე სკოლა იძულებული გახდა ოთხშაბათს სწავლა შეეჩერებინა, მას შემდეგ, რაც მათ ისლამისტებისგან აფეთქების მუქარა მიიღეს. წინა კვირას, პარიზის რაიონში დაახლოებით 30-მა სხვა სკოლამაც მიიღო მსგავსი მუქარა, რომელსაც თან თავის მოკვეთის ვიდეო ახლდა. მიუხედავად ყველაფრისა, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ეს ადამიანები რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი არიან. პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა ამ თვის დასაწყისში საფრანგეთის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კრემლმა "საფრანგეთის უკრაინისადმი მხარდაჭერის შესარყევად მასიური დესტაბილიზაციის საწარმო შექმნა".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა